„ახალი სახელფასო პოლიტიკა მასწავლებლებს შორის ურთიერთობას დაძაბავს“, - ამის შესახებ BMGTV-ის ეთერში განათლების მკვლევარმა მერი ქადაგიძემ განაცხადა, რომელიც მასწავლებელთა სახელფასო პოლიტიკას არაერთი მიზეზი გამო აკრიტიკებს.
განათლების მკვლევარი, ზოგადად, მასწავლებლებისთვის ხელფასების ზრდას მიესალმება, მაგრამ მიაჩნია, რომ ახალი ფორმულა, რომლითაც პედაგოგების ანაზღაურების გამოთვლისას მთავარი ამოსავალი სამუშაო დატვირთვაა/საათია, სამართლიანი არაა და სკოლაში კოლეგიალურ ურთიერთობებს ხელს არ შეუწყობს.
“ეს იქნება ძალიან დიდი ემოციური ზეწოლა მასწავლებლებისთვის - უკვე გაჩნდა კითხვები, როგორ უნდა განაწილდეს სკოლაში საათები. ასეთი დათქმა არ არსებობს. ეს არის დამოკიდებული დირექტორის მიდგომაზე, კეთილ ნებაზე და ა.შ. ეს სიტუაცია ბუნებრივად შექმნის კონკურენციას სკოლის ბაზაზე, როცა მასწავლებლები არაკოლეგიალურები ხდებიან.
ამდენად, ასეთი მიდგომა სკოლაში თანამშრომლობის პრაქტიკას გააუარესებს და მეორე მხრივ, სკოლის დირექტორის პერსპექტივიდან თუ შევხედავთ საკითხს, სკოლის განვითარების გეგმაში ახლაც არ ჩანს მასწავლებლების ადგილი - როდესაც ვსაუბრობთ კარიერულ ზრდაზე, მასწავლებელს სკოლაშივე უნდა შესთავაზო კარიერული განვითარების მრავალფეროვანი პლატფორმა“, - განაცხადა განათლების სპეციალისტმა და იქვე დასძინა, რომ „ამ სიტუაციისთვის ბრალეულობა უნდა გადავიტანოთ პოლიტიკის განმსაზღვრელებზე და არა - მასწავლებლებზე“.
„მასწავლებლებს შორის საათების უსამართლო განაწილებაზე პრეტენზია აქამდეც ისმოდა, დირექტორების მისამართით და ახლა ეს კიდევ უფრო მძაფრად გამოიხატება, რადგან ახალი ფორმულის მიხედვით, მასწავლებლების ანაზღაურება საათების მიხედვით დაანგარიშდება“, - აცხადებს განათლების მკვლევარი.