მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"იმის შანსი, რომ სკოლაში ახალ კადრს თუნდაც რამდენიმე საათი დაუთმონ, მცირე იქნება" - მოსაზრება მასწავლებელთა ხელფასის ზრდის ფორმულაზე

სს

იმის შანსი, რომ ახალ კადრს თუნდაც რამდენიმე საათი დაუთმონ, ამის პრეცედენტები, მცირე იქნება - ასე აფასებს განათლების სპეციალისტი მერი ქადაგიძე მასწავლებელთა ხელფასის ზრდის ფორმულას, რომელიც საათობრივ ანაზღაურებას ითვალისწინებს.

როგორც მან Bm.ge-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, 52 000-მდე მასწავლებელს ხელფასების ზრდა არაპროპორციულად შეეხო, რაც მასწავლებლების განაწყენებას იწვევს.

„ამ ფორმულამ მენტორი და წამყვანი მასწავლებლების განაწყენება განსაკუთრებით გამოიწვია, რადგან ამ სტატუსების ამაღლებაში მათ განსაკუთრებული ძალისხმევა აქვს ჩადებული და უსამართლობის განცდა უფრო მეტად გაუჩნდათ. რაც უშუალოდ ფორმულას შეეხება, ამ სახელფასო სისტემაში პრობლემა ის არის რომ - აქამდე თუ გამოითვლებოდა ე.წ საბაზო ანაზღაურება, ახლა საათობრივ დატვირთვაზეა მიბმული, რაც შემდეგ პრობლემებს ქმნის:


1.მასწავლებლებს შორის კონფლიქტი, ხშირი პრეტენზია, საათების უსამართლო განაწილებებზე, აქამდეც ისმოდა დირექტორებისადმი მასწავლებლების მხრიდან და ახლა ეს კიდევ უფრო მძაფრად გამოიხატება, რადგან ახალი ფორმულის მიხედვით მასწავლებლების ანაზღაურება საათების მიხედვით იქნება.

2. აღნიშნული სქემით საერთოდ არ ჩანს, არანაირი მატება, მაგალითად მასწავლებლების პროგრამების წახალისების და სტუდენტების ჩარიცხვის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობდა ან უფრო დააფასებდა კომპეტენტური კადრის პროფესიაში შესვლას. სამინისტროს კვლევით ვიცით, რომ დისბალანსი არის მასწავლებლების შრომის ბაზარზე და ამ დისბალანსს ის ქმნის, რომ სკოლებში საათები არ თავისუფლდება და ახალი მასწავლებლები პროფესიაში ვერ შედიან. რაც არ უნდა აიმაღლო კვალიფიკაცია დანამატი მაინც ძალიან მცირეა და ასევე იცი, რომ ძირითადი შენი ხელფასი სკოლაში საათებზეა დამოკიდებული. იმის შანსი რომ ახალ კადრს თუნდაც რამდენიმე საათი დაუთმონ, ამის პრეცედენტები მცირე იქნება.

3. ასევე, ამ სქემის მიხედვით, მაგალითად დამრიგებლების ხელფასი იგივე დარჩა, როცა ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა, რადგან დამრიგებლის ფუნქციის შესრულება მასწავლებლებს სკოლაში არ უნდათ და იძულებით შრომად არის ქცეული, რადგან ამას სასწაულად დიდი ძალისხმევა სჭირდება.

4. ასევე, საერთოდ არ გაჩნდა სახელფასო დანამატები ისეთი საგნების მასწავლებლებზე, რომელთა დეფიციტიც არის. ანუ ის საგნები, რომელშიც მასწავლებლების დეფიციტია სამინისტროს უფრო მაღალი ანაზღაურებით უნდა წაეხალისებინა. ასეთი საგნებია, მაგალითად: ქიმია, გეოგრაფია, ფიზიკა, რაშიც მასწავლებლების მომზადება ფაქტობრივად არ ხდება. ეს პროფესიები ძალიან დეფიციტურია და სახელფასო ფორმულაში ეს ცალკე უნდა განესაზღვრათ.

5. საერთოდ არ ჩანს ამ ფორმულაში, ის თუ როგორ უწყობს ანაზღაურების სისტემა პროფესიულ განვითარებას ხელს. იმიტომ რომ 150-ლარიანი და 300 ლარიანი დანამატი მცირეა იმისთვის რომ მასწავლებელმა რომელსაც შეუძლია რომ უბრალოდ საათები ატაროს და სხვა მოთხოვნილებას არ უყენებენ, ეს ძალისხმევა ჩადოს.

6. ასევე, არანაირი საშუალოვადიანი გეგმა არ წარუდგენია, ვგულისხმობ ფინანსური დაგეგმარების საშუალოვადიან გეგმას, სამინისტროს თუ როგორ წარმოუდგენია, ასეთი ფორმულით ანაზღაურებების ზრდა.

7. სისტემური პრობლემაა, რომ პოლიტიკა არ შემოუთავაზებიათ, - შემოგვთავაზეს ახალი გაზრდილი ხელფასების დათვლის მექანიზმი, მაგრამ არა სახელფასო პოლიტიკა, თუმცა ის რომ ხელფასი გაიზარდა და ეს ზრდა მცირედით მაინც შეეხო მასწავლებლებს, მისასალმებელია.

8. ბუნდოვანია, 2 წელიწადში როგორ ხედავს სამინისტრო მასწავლებლების ანაზღაურების ნაწილს. ის რომ თავად პოლიტიკის ფორმა ამ საკითხმა ვერ მიიღო და ასე ფორმულად დარჩა და მასწავლებლებს და ჩვენ გვიწევს უფრო მეტი ძალისხმევის ჩადება ანგარიშში ვიდრე იმის გააზრებაში, ეს რა გავლენას მოახდენს თავად მასწავლებლებზე, მათ ურთიერთობაზე, სკოლაზე და მოსწავლეებზე ეს სევდიანი და ცოტა გულდასაწყვეტიცაა", - ამბობს განათლების სპეციალისტი მერი ქადაგიძე.

ვის რამდენით მოემატება ანაზღაურება 1 ივლისიდან? - მასწავლებელთა ხელფასის ზრდის ფორმულა ცნობილია

მასწავლებლების ახალი წესით დაანგარიშებული ხელფასები ბაზაში 5 ივლისს აისახება - სამინისტრო ხშირად დასმულ კითხვებს/პასუხების ავრცელებს

მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის დაკნინების მცდელობა მიზანმიმართულად მიმდინარეობს - სამინისტრო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები