მთავრობის გადაწყვეტილებით, მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.
საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე ახალი ბრძანება საკანონმდებლო მაცნეზე დღეს გამოქვეყნდა. განათლების მინისტრის შესაბამისი ბრძანების თანახმად:
მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს:
ა) თანამდებობრივ სარგოს, რომელიც გაანგარიშდება შემდეგი კრიტერიუმებით:
1. განათლება და კვალიფიკაცია;
2. სამუშაო სტაჟი;
3. სამუშაო დატვირთვა.
და
ბ) შესაძლო დანამატებს:
1. წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციური დანამატი;
2. კლასკომპლექტით სწავლების დანამატი;
3. დანამატი არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე ერთ-ერთი შემდეგი საგნის სწავლებისათვის: ქართული არაქართულენოვანი სკოლებისთვის; საქართველოს ისტორია; საქართველოს გეოგრაფია;
4. კლასის დამრიგებლობის დანამატი;
5. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი.
თანამდებობრივი სარგო სამუშაო დატვირთვის შესაბამისად განისაზღვრება ქვემოთ მოცემული ცხრილის მიხედვით:
ზემოთ აღნიშნული ცხრილის საათობრივი დატვირთვის შესაბამის სარგოს ემატება თანამდებობრივი სარგოს შემადგენელი განათლების/კვალიფიკაციის და სამუშაო სტაჟისთვის განსაზღვრული სარგოები. ასევე, თანამდებობრივ სარგოს ემატება ზემოთ ჩამოთვლილი შესაძლო დანამატი ან დანამატები.
სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს:
ა) თანამდებობრივ სარგოს, რომელიც გაანგარიშდება შემდეგი კრიტერიუმებით:
1. განათლება და კვალიფიკაცია;
2. სამუშაო სტაჟი;
3. სამუშაო დატვირთვა (მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით);
ბ) შესაძლო დანამატებს:
1. კლასის დამრიგებლობის დანამატი;
2. წამყვანი ან მენტორი სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატი;
3. მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლის მასწავლებლის დანამატი;
სპეციალური მასწავლებლის თანამდებობრივი სარგო სამუშაო დატვირთვის შესაბამისად განისაზღვრება შემდეგი სახით:
საათობრივი დატვირთვის რაოდენობის მიუხედავად, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის ფუნქციური დანამატი განისაზღვრება ფიქსირებული ოდენობით:
ა) წამყვანის ფუნქციური დანამატი - 150 ლარი;
ბ) მენტორის ფუნქციური დანამატი - 300 ლარი.
2 წლის განმავლობაში მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს წამყვანი ან მენტორი მასწავლებლის ფუნქციის შესრულება შეუძლია ერთზე მეტ სკოლაში და შესაბამისად, დანამატი გაიცემა ყველა იმ სკოლაში, სადაც ასრულებს შესაბამის ფუნქციას.
- იმ მასწავლებლებს, რომელთაც 2023-2024 სასწავლო წლის მონაცემებით, დადასტურებული აქვთ კომპეტენცია კონკრეტულ საგანში/საგნებში, მაგრამ ითავსებენ საგნობრივი ჯგუფის სხვა საგნებსაც (კომპეტენციის დადასტურების გარეშე), ანაზღაურება დაუანგარიშდებათ ახალი სახელფასო სისტემით დადასტურებულ და დაუდასტურებელ საგნებზეც, რითაც მიეცემათ შესაძლებლობა 2 წლის ვადაში დაიდასტურონ საგნობრივი კომპეტენცია ყველა იმ საგანში, რომელსაც ასწავლიან.
- თუ მასწავლებლის შრომის ანაზღაურება გაანგარიშების ახალი წესით ნაკლებია 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით მიღებული ანაზღაურებისა, 2 წლის განმავლობაში მასწავლებელს უნარჩუნდება ძველი ანაზღაურება და მიეცემა დამატებით 200 ლარი. 200 ლარიანი მატება შენარჩუნებული იქნება გარდამავალი პერიოდის გასვლის შემდეგაც.
- თუ ახალი წესით და ძველი წესით დაანგარიშებულ ხელფასებს შორის სხვაობა არ იწვევს 200 ლარის ოდენობით ხელფასის ზრდას, მაშინ მასწავლებელს საათობრივი დატვირთვის მიუხედავად, გაზრდილი ანაზღაურება მიეცემა მინიმუმ 200 ლარის ოდენობით.
- ივლისის და აგვისტოს თვეების საშვებულებო ანაზღაურება ახალი წესის შესაბამისად გაიცემა 2024 წლის აპრილის, მაისისა და ივნისის დატვირთვების მიხედვით, ივლისის თვის პირველ ნახევარში.
შეგახსენებთ, 1-ელი ივლისიდან საქართველოში სტატუსიანი მასწავლებლების ხელფასის საშუალოდ 500 ლარით ზრდა მთავრობამ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დააანონსა. განათლების სამინისტროს მონაცემებით, დღეს სისტემაში დაახლოებით 52 000-ზე მეტი პედაგოგია და მათგან საშუალოდ 500 ლარით ხელფასი ეზრდება - 21 000-მდე მასწავლებელს, 600 ლარით - 8000-მდე, 700 ლარით - 5000 -მდე, 800 ლარით - 3000 - მდე პედაგოგს, რაც ჯამში მასწავლებელთა 70%-ზე მეტს შეადგენს. დაახლოებით 25%-მდე მასწავლებელს ხელფასი 300-დან 400 ლარამდე ეზრდება. სამინისტროს თანახმად, მინიმუმ 200-ლარიანი მატება, მცირე საათობრივი დატვირთვის შემთხვევაშიც კი, შეეხება აბსოლუტურად ყველა პედაგოგს. ასეთია დაახლოებით მასწავლებელთა 5%.