საქართველოში მასწავლებლების ხელფასი საშუალოდ 500 ლარით მიმდინარე წლის 1 ივლისიდან უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ მთავრობამ ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დააანონსა. 1 ივლისამდე დაახლოებით სამი კვირაა დარჩენილი, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია ფორმულა, რის მიხედვითაც გამოითვლება ცალკეული მასწავლებლების შემთხვევაში ხელფასის ზრდის მაჩვენებელი. BM.GE-მ შესაბამისი კითხვით განათლების სამინისტროს მიმართა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო.
დაახლოებით ორი თვის წინ გავრცელებული მინისტრის განმარტებით, ახალი სახელფასო სისტემით მასწავლებელთა 93%-ს ხელფასი პროპორციულად 2023-2024 წლების საათობრივი დატვირთვების შესაბამისად გაეზრდება, აქედან სრულ განაკვეთზე მყოფ 70%-ს, ხელფასი საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაეზრდება, მათ შორის 600, 700 და 800 ლარითაც. დანარჩენ 23%-ს ხელფასი 200-დან 400 ლარამდე, დატვირთვის პროპორციულად, გაეზრდება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ როგორც მინისტრმა განმარტა, არცერთ მასწავლებელს ხელფასი არ დააკლდება და მასწავლებელთა 7%-ს, რომელთაც არსებული ფორმულით მცირე დატვირთვის შემთხვევაში იღებდნენ სრულ დანამატს, არსებული ხელფასი შეუნარჩუნდებათ.
შეგახსენებთ, გასული წლის ნოემბერში განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა, რომ 2024 წლის პირველი ივლისიდან მასწავლებლის ანაზღაურება სრული დატვირთვის შემთხვევაში საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება. როგორც მინისტრმა მაშინ აღნიშნა, მიმდინარეობს ახალ სახელფასო ფორმულაზე მუშაობა. პროცესში კი ჩართულია ყველა დაინტერესებული მხარე.
„ჩნდება კითხვა - რატომ პირველი ივლისიდან. იმიტომ, რომ აუცილებელია სისტემა გადაერთოს ახალ სახელფასო პოლიტიკაზე და ამის გაკეთება შეუძლებელია სასწავლო წლის მიმდინარეობისას. შესაბამისად, სასწავლო წელი როგორც კი დასრულდება – პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო სისტემა. ჩვენი გმირი მასწავლებლები იმსახურებენ ღირსეულ ანაზღაურებას. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს სკოლებში კიდევ უფრო ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას, რაც ჩვენი ნათელი მომავლის საწინდარია“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა გასული წლის დეკემბერში.
გარდა ამისა, დეკემბერში გამართულ “ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმის” პრეზენტაციაზე განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ მასწავლებელთა უმრავლესობა სტატუსის ამაღლების პროცესში მხოლოდ ანაზღაურების ზრდის მოტივაციით ერთვება, რის გამოც სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, სახელფასო პოლიტიკა პროფესიული განვითარების სქემას გამოეყოს.