მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების მინისტრი მომხრე არ არის, რომ უფასო კვების პროგრამა მხოლოდ პირველკლასელებისთვის განხორციელდეს

64676fcd5a06b
სალომე ხიდურელი
19.05.23 16:59
772
„ვერაფრით დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჩვენ სადმე დავიწყოთ სასკოლო კვების პროგრამა და სადმე არ დავიწყოთ. თუ ამას დავიწყებთ, ეს უნდა გავაკეთოთ ყველასთვის და აქ გამორიცხულია რამე გამორჩევა რეგიონის, სოციალური კუთვნილების თუ სხვადასხვა ინდიკატორის მიხედვით“, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე ისაუბრა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

მისი თქმით, პრობლემა, რომ მოსწავლეთა 35% სკოლაში არასდროს იკვებება, სხვადასხვა პრობლემას უკავშირდება, მათ შორის სასკოლო ინფრასტრუქტურას. მან წალენჯიხაში არსებულ უფასო კვების პროგრამაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს პროგრამა გამოწვევებს ვერ პასუხობს.

„ნებისმიერი ტიპის დახმარება შეჭირვებულისთვის ძალიან კარგია, თუმცა  პროექტი, რომლითაც აპელირებთ[წალენჯიხის მაგალითი], არ პასუხობს იმ გამოწვევას რასაც ხაზს უსვამთ, რომ კვების საკითხი ხელს უშლის კოგნიტური უნარების განვითარებას და სხვადასხვა აკადემიური შედეგების მიღწევას.

ამიტომ, ნუ განვაზოგადებთ ამას, ნუ ვიტყვით ისე, რომ წალენჯიხის მერმა გადაჭრა რაღაც პრობლემა და ჩვენ, ხელისუფლება ამას ვერ ხედავთ. ეს ასე არ არის და იმ სკოლებშიც კი, რომელშიც ეს პროგრამა ხორციელდება, მხოლოდ პირველკლასელებისათვის, პირდაპირ გეტყვით, მე ეს სწორად არ მიმაჩნია, და გასაგებია, რომ პასუხი იქნება, რომ რესურსი არ არის, ამაშია საქმე, აქ გვაქვს ჩვენ ერთად სამუშაო, თუ როგორ გადავანაწილოთ ის რესურსი ყველაზე, რაც გვაქვს“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

მინისტრის თქმით, წალენჯიხის 30 სკოლიდან მხოლოდ 21 სკოლაში ხერხდება საკვები პროდუქტების ყიდვა, რადგან არსებობს ლოჯისტიკური და ინფრასტრუქტურული პრობლემები, საჭმლის დისტრიბუციის საკითხი კი მოსაგვარებელია.

შეგახსენებთ, რომ წლის დასაწყისში წალენჯიხის მერის ინიციატივით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 30 სკოლაში პირველკლასელთა უფასო კვების პროგრამა დაიწყო, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები