„კავკასიის უნივერსიტეტის“ პრეზიდენტი კახა შენგელია BM.GE-სთან მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
წყაროზე დაყრდნობით, სხვადასხვა მედიასაშუალება წერს, რომ სტატუსშეჩერებული სტუდენტებისთვის დავალიანების დაფარვის საკითხზე მთავრობის ადმინისტრაციაში კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლები დაიბარეს და დავალიანების დაფარვა სწორედ მათ მოსთხოვეს.
როგორც კახა შენგელიამ განგვიმარტა, სახელმწიფო, უნივერსიტეტებს სტუდენტებისთვის სტატუსის აღდგენის სანაცვლოდ, სრული დავალიანების 20%-ის დაფარვას სთავაზობს.
„სტუდენტების დავალიანება განულდება, მათ აღუდგებათ სტუდენტის სტატუსი, ოღონდ მიმდინარე სემესტრის გადასახადის დაფარვა წინსწრებით მოუწევთ“, - განმარტავს კახა შენგელია.
ის, რომ დაახლოებით 30 ათასამდე სტატუსშეჩერებულ სტუდენტს ფინანსური დავალიანება გაუნულდება და სურვილის შემთხვევაში ისინი უნივერსიტეტებში სწავლას გააგრძელებენ, ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა გასულ კვირას, მთავრობის სხდომაზე დააანონსა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საუბარია დაახლოებით 40 მილიონი ლარის დავალიანებაზე.
სტატუს შეჩერებული სტუდენტების საკითხზე განათლების სამინისტროში დღეს 14:00 საათზე სპეციალური ბრიფინგი ჩაინიშნა.