განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ფორმულას უნდა დავაკვირდეთ და ვნახოთ, როგორ იმუშავებს.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას ახალი სახელფასო პოლიტიკის შეფასებისას განაცხადა.
მასწავლებელთა ხელფასის ზრდის ახალი ფორმულა
თამარ სანიკიძე ამჟამად მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული 90 მლნ ევროს ღირებულების პროექტის - „ინოვაცია, ინკლუზიური განათლება და ხარისხი - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორია.
განათლების ყოფილის მინისტრის თქმით, მასწავლებელთა ახალი სახელფასო ფორმულის შემუშავების პროცესში ექსპერტულ დონეზე ჩართული არ ყოფილა, ამიტომ ბევრი დეტალი არ იცის, მაგრამ მიაჩნია, რომ ხელფასების ზრდის ტენდენცია, ზოგადად, კარგია.
„სიახლე, რომელიც ინერგება, არასდროს არ რჩება ზუსტად ისე, როგორც დაიგეგმა... მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ფორმულას მინიმუმ 1 წელი მაინც სჭირდება დაკვირვება, რათა ეს სიახლე დაიხვეწოს და საბოლოოდ მიიღოს ის ფორმა, რომელიც უფრო მეტად მისაღები და საჭირო იქნება სისტემისთვის, თორემ კმაყოფილი და უკმაყოფილო, რაც არ უნდა კარგი გააკეთო, ყოველთვის არის“, - თქვა ყოფილმა მინისტრმა.
„წერტილთან“ ინტერვიუში თამარ სანიკიძემ პედაგოგების პროფესიული განვითარების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
„პედაგოგების განათლების საკითხი არის მოსაგვარებელი. მე ვიცი, რომ საკმაოდ მსხვილი პროექტით ხდება ამ ყველაფრის ხელშეწყობა - თუ არ ვცდები, ეს არის USAID-ის დაფინანსებით, განათლების სამინისტროსთან და უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით და აქცენტი სწორედ მასწავლებლების მომზადების აკადემიური პროგრამების გაუმჯობესებაზე კეთდება“, - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.