იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, რომელიც პოსტს მიმდინარე წლის აპრილიდან იკავებს ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. სალია, რომელიც წლების განმავლობაში საადვოკატო ბიუროს პარტნიორი, ასევე ტელეკომპანია რ2-ის დირექტორი იყო, ქართული ოცნების პარლამენტში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევიდა, მიმდინარე წლის 2 აპრილს კი ირაკლი კობახიძემ ის იუსტიციის მინისტრად დანიშნა.
ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს სალიამ ძვირად ღირებული შენაძენი გააკეთა და 123 ათას ევროდ ავტომობილი Porsche Cayenne-ი შეიძინა, მიმდინარე წლის იანვარში კი 66 ათას დოლარად მისმა მეუღლემ ქეთევან ჯელაძემ ავტომობილი Land Rover Defender-ი შეიძინა.
პაატა სალია ქონებრივ დეკლარაციაში უთითებს, რომ გასულ წელს მან და მისმა მეუღლემ შემოსავლების სახით სულ 783,000 ლარი მიიღეს, მათ შორის 384,000 ლარის შემოსავალი პაატა სალიას ჰქონდა, მის მეუღლეს კი 400,000 ლარის შემოსავალი. დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს პაატა სალიამ ძირითადი შემოსავალი ბიზნესმენ ივანე ჩხარტიშვილის სმარტ კაპიტალ ჯგუფისგან მიიღო, რომელსაც იურიდიულ მომსახურებას უწევდა.
კერძოდ, პაატა სალია დეკლარაციაში შემდეგ შემოსავლებს უთითებს:
- შპს სმარტ კაპიტალ ქონსალთენს - თანამდებობა იურისტი - 246,122 ლარი;
- შპს სმარტ კაპიტალ ფროდაქშენ - იურიდიული სამსახურის უფროსი - 59,948 ლარი;
- შპს ბაზელი - იურისტი - 75,077 ლარი.
პაატა სალიას მეუღლის, ქეთევან ჯელაძის შემოსავლები:
- შპს ედუქეიშენალ მენეჯმენტ პარკ - აქციონერი 40%-ის მფლობელი, დივიდენდი - 344,600 ლარი, ხელფასი ამავე კომპანიიდან - 9,475 ლარი;
- შპს სალ თურქეთი - აქციონერი 30.8%-ის მფლობელი, დივიდენდი - 55,503 ლარი.
დეკლარაციის თანახმად, პაატა სალია ნაღდი ფულის სახით ინახავს 50,000 დოლარს, მისი მეუღლე კი 45,000 დოლარს.
პაატა სალიას მეუღლეს, ქეთევან ჯელაძეს, ეკუთვნის:
- საცხოვრებელი სახლი მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალსოფელში — 275.8 კვ.მ ფართობის შენობა და 424 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შეძენილი 119,000 აშშ დოლარად;
- ბინა თბილისში, ლისის იასამნების ქუჩაზე — 180.2 კვ.მ ფართობით, შეძენილი 203,130 აშშ დოლარად;
- ორი მიწის ნაკვეთი იმავე სოფელში — 722 კვ.მ და 525 კვ.მ ფართობით, ჯამურად დაახლოებით 37,000 აშშ დოლარად;
- სარდაფი თბილისში, შეძენილი 3,350 დოლარად;
- ბინა ბათუმში, 45 კვ.მ, რომელიც შვილის, ნინო სალიას სახელზეა რეგისტრირებული.




























