თბილისის იუსტიციის სახლი, 2012 წლის სექტემბერში, ექსპლუატაციაში მიღების გარეშე გაიხსნა და დღემდე ისე ფუნქციონირებს, რომ ექსპლუატაციაში შესული არ არის. საკითხი არაერთხელ მოხვდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებშიც.
BMG-მა თბილისის ცენტრალურ იუსტიციის სახლზე ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროდან გამოითხოვა. უწყებაში არ პასუხობენ კითხვას, როდის შევა შენობა ექსპლუატაციაში და ამბობენ, რომ პროცესს არაერთი დაბრკოლება აფერხებდა. პირველ რიგში კი ის, რომ არ არსებობდა მშენებლობის ნებართვა.
უწყების განმარტებით, დღეის მდგომარეობით, შენობის ექსპლუატაციაში მიღების ადმინისტრაციული წარმოება შეჩერებულია დამატებითი დოკუმენტების (არქიტექტურული პროექტისა და მზიდი კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნის) წარდგენის მიზნით. შესაბამისად, კვლავ ბუნდოვანია, როდის შევა შენობა ექსპლუატაციაში.
შენობის ექსპლუატაციაში მიღების გაჭიანურებაზე და მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე იუსტიციის სამინისტროში შემდეგ განმარტებას აკეთებენ:
"შენობის გახსნის შემდგომ სსიპ „იუსტიციის სახლი“ მუდმივად ეძებდა მისი ექსპლუატაციაში მიღების გზებს, მაგრამ არსებობდა აღნიშნული პროცესის შემაფერხებელი არაერთი დაბრკოლება. პირველ რიგში, არ არსებობდა მშენებლობის ნებართვა, შენობის ერთიანი არქიტექტურული პროექტი (ვერცერთი აღნიშნული დოკუმენტი ვერ იქნა სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ მოძიებული სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოში, რომლებიც შესაძლოა, ჩართული/შემხებლობაში ყოფილიყვნენ მშენებლობის პროცესთან).
გარდა ზემოთქმულისა, თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის შენობა-ნაგებობას ჰქონდა გარკვეული ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრის მიზნით სსიპ „იუსტიციის სახლის“ მიერ ყოველწლიურად ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები. ყოველწლიურ ბიუჯეტში ეტაპობრივად ხდება იდენტიფიცირებული ხარვეზების გათვალისწინება და მათი გამოსწორება.
სსიპ „იუსტიციის სახლში“ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებასთან დაკავშირებით. აღნიშნული ჯგუფის შექმნის მიზანს წარმოადგენდა თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლის შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო დოკუმენტების მოძიება და შესაბამისი ქმედებების განხორციელება.
შენობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით ჩატარებული სამუშაოების (საექსპერტო დასკვნის) საფუძველზე დადგინდა, რომ თბილისის ცენტრალური იუსტიციის სახლი, მისი მახასიათებლების გათვალისწინებით, წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტს. შესაბამისად, განისაზღვრა მისი ექსპლუატაციაში მიღებისთვის უფლებამოსილი ორგანო.
„პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების (საქართველოს კანონი „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 2021 წლის 12 ივლისი (№723-Vრს-Xმპ)) შემდგომ, ამავე კოდექსის 103-ე მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, კანონით განსაზღვრულ ვადაში იუსტიციის სახლმა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით მიმართა უფლებამოსილ ორგანოს. ამასთან, ექსპლუატაციაში მიღებისთვის სავალდებულოდ წარსადგენი იყო ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომელთა შორის მნიშვნელოვანია: ობიექტის არქიტექტურული პროექტი და ობიექტის არსებული მდგომარეობის ამსახველი აზომვითი ნახაზი; აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული, ობიექტის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნა.
დღეის მდგომარეობით, სააგენტოში მიმდინარე აღნიშნული ადმინისტრაციული წარმოება შეჩერებულია დამატებითი დოკუმენტების (ობიექტის არქიტექტურული პროექტისა და ობიექტის მზიდი კონსტრუქციების მდგრადობისა და სეისმომედეგობის დამადასტურებელი საექსპერტო დასკვნის) წარდგენის მიზნით",- განმარტავენ უწყებაში.
შეგახსენებთ, თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპირო №1-ში მდებარე იუსტიციის სახლი 2010-2012 წლებში აშენდა. დიზაინის ხარჯების გამოკლებით, მშენებლობა დაახლოებით 130 მილიონი ლარი დაჯდა. შენობის ფართობი 38 536 კვადრატული მეტრია.
2013 წლის დეკემბერში, ძლიერი ქარის გამო იუსტიციის სახლის სახურავის ერთი ნაწილი ჩამოიშალა. იუსტიციის სამინისტრო სახურავის სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებდა მშენებლობის პროცესში დაშვებულ მასშტაბურ ხარვეზებზე. უწყებაში აცხადებდნენ, რომ 2014 წლის განმავლობაში შეაგროვეს და გაიტანეს სახურავში ჩარჩენილი რამდენიმე ტონა სამშენებლო ნარჩენი.