თბილისის იუსტიციის სახლი, რომელიც 2012 წლიდან ფუნქციონირებს, ექსპლუატაციაში მიღებული კვლავ არაა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნული.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულების 2022 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა.
კლასიფიკაციის ხარვეზების ნაწილში აუდიტის სამსახური მიუთითებს, რომ 83 მილიონ ლარამდე სამუშაოები, რომლებიც თბილისის იუსტიციის სახლის შენობას უკავშირდება, კვლავ დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიშზეა ასახული.
„იუსტიციის სახლის ფინანსურ ანგარიშგებაში დაუმთავრებელი მშენებლობის ანგარიშზე ასახულია თბილისის იუსტიციის სახლის 2014 წლიდან შესრულებული სამუშაოები, სულ 82 724 871 ლარის ღირებულების. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლის ექსპლუატაციაში მიღება დღემდე ვერ განხორციელდა“,- წერია ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ ამ ხარვეზზე აუდიტის სამსახური 2020 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტშიც მიუთითებდა.