აშშ-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი Citigroup 2026 წლამდე სამუშაო ძალის 20 000-ით შემცირებას აპირებს. ბანკმა გასული წლის ბოლო კვარტალი მასშტაბური ზარალით დახურა.
კომპანიის CEO, ჯეინ ფრეიზერი, აცხადებს, რომ 2024 წელი ამერიკული საბანკო სექტორისათვის გარდამტეხი იქნება, თუმცა ბანკის ფინანსური დირექტორი მარკ მეისონი ადასტურებს, რომ სამუშაო ძალის შემცირება მორალურად რთული გადაწყვეტილებაა.
Citigroup-ს მსოფლიოს მასშტაბით 239 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, რეორგანიზაციის პროცესში კი მათ შემცირებას გეგმავს. კომპანიის წამყვანი პირები ვარაუდობენ, რომ სამუშაო ძალა საბოლოოდ 180 000-მდე შემცირდება მას შემდეგ, რაც Citi-ის მექსიკური დანაყოფი Banamex-ი სამსახურიდან საშუალოდ 40 000 პირს დაითხოვს.
მას შემდეგ, რაც გასულ კვირას Wall Street-ის კვარტალური ანგარიშგებები გამოქვეყნდა, ცნობილი გახდა, რომ Citigroup-მა მეოთხე კვარტალში $1.8 მილიარდიანი ზარალი ნახა. თუ ამას ერთჯერადი გადახდებსა და ხარჯებს დავუმატებთ, საფინანსო ინსტიტუტის საერთო ზარალი $4 მილიარდს აღწევს, რაც მის რესტრუქტურიზაციასთან. რუსეთის ბაზრიდან გამოსვლასა და არგენტინაში გააქტიურებასთანაა დაკავშირებული.
მიუხედავად წარუმატებელი მეოთხე კვარტალისა, ამერიკის სიდიდით მესამე ბანკის ღირებულება საფონდო ბირჟაზე გასულ კვირას 0.4%-ით გაიზარდა. კომპანია შემოსავლისა და აქტივებზე ფასების ზრდასა და ბიუროკრატიის შემცირებაზე მუშაობს. მისი საბაზრო ღირებულება $100 მილიარდია.