მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IV კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი უარყოფითი იქნება - პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი

5fbd4b4bd8b51
თამთა ჯიჯავაძე
24.11.20 22:02
799
პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შეფასებით, 2020 წლის IV კვარტალში რეალური მშპ-ის ზრდის ტემპი უარყოფითი იქნება და –4.3% დაფიქსირდება. ამის შესახებ პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებულ დოკუმენტშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, მშპ-ის მოსალოდნელი კლება კვლავ განპირობებულია COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული, როგორც მოთხოვნის, ისე მიწოდების შოკებისაგან.

„სხვადასხვა ტიპის შეზღუდვების ცალკეულ შემთხვევებში გაუქმების ან ზოგ შემთხვევაში მესამე კვარტალთან შედარებით გამკაცრების პარალელურად, კვლავ მნიშვნელოვანია საგარეო მოთხოვნის შოკი და გლობალური პანდემიის ფონზე კვლავ მნიშვნელოვნად დარღვეულია გლობალურ ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც განაპირობებს მიწოდების შოკს. აღნიშნული პროგნოზი ემყარება დაშვებებს, რომ 2019 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით:

ტურიზმის მოცულობა დაახლოებით 95%-ით შემცირდება, ამავე დროს მკვეთრად შემცირდება ქვეყნიდან გასული ტურისტების რიცხოვნობაც.

ტურიზმის ექსპორტის მნიშვნელოვან კლებას ნაწილობრივ დააკომპენსირებს შიდა ტურიზმის აქტივობა. (თუმცა ეს ეფექტი გაცილებით ნაკლები იქნება მესამე კვარტალთან შედარებით).

უმნიშვნელოდ გაიზრდება კერძო მოხმარების მოცულობა, განსაკუთრებით სასურსათო პროდუქტებზე.
შემცირდება კერძო ინვესტიციები, რომლებიც მთავრობის საინვესტიციო აქტივობების მიუხედავად მნიშვნელოვნად განაპირობებენ მთლიანი ინვესტიციების შემცირებას და ეკონომიკური აქტივობის აღნიშნულ უარყოფით ტემპს.

მომსახურებით ვაჭრობის მკვეთრი კლების პარალელურად, მოსალოდნელია საქონლით ვაჭრობის კლებაც, მიუხედავად მოხმარების უმნიშვნელო ზრდისა.

უმნიშვნელოდ გაზრდილი მოხმარების და შემცირებული კერძო ინვესტიციების პარალელურად მოსალოდნელია რომ მნიშვნელოვნად შემცირდება საქონლის იმპორტის რაოდენობაც.

მსოფლიოში მიმდინარე ანალოგიური მოვლენებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ შემცირდება ექსპორტზე მოთხოვნა და შესაბამისად შემცირდება საქონლის ექსპორტის მოცულობაც“, - აღნიშნულია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

გარდა ამისა, საბიუჯეტო ოფისის მიხედვით, აღნიშნული დაშვებების რაოდენობრივი შეფასების შედეგად მოსალოდნელია, რომ ექსპორტის მოცულობა უფრო მეტად შემცირდება, ვიდრე იმპორტი და წმინდა ექსპორტის კომპონენტი –1.6%-ული პუნქტით განსაზღვრავს ეკონომიკური აქტივობის ცვლილებას, ხოლო აბსორბციის (მოხმარების და ინვესტიციების ჯამი) კომპონენტი მნიშვნელოვნად შემცირდება (კერძო ინვესტიციების შემცირების გამო) და მშპ-ს ცვლილებას –2.7 %-ული პუნქტით განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები