მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივა ჭყონია: “უახლოეს პერიოდში ფასების ზრდის მოლოდინი არ გვაქვს”

61d6bbb8792e6
თათია ჩაფიჩაძე
06.01.22 16:12
843
2021 წლის დეკემბერში ნოემბერთან შედარებით იმპორტირებულ სასურსათო პროდუქტებზე ფასები არ გაზრდილა. როგორც საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონიამ bm.ge-თან საუბრისას განაცხადა, ფასებმა გასულ თვეებში პიკს უკვე მიაღწია და სავარაუდოდ, უახლოეს თვეებში გაძვირების ახალი ტალღას აღარ უნდა ველოდოთ.

“დეკემბერში ფასების მკვეთრი ზრდა წინა თვესთან შედარებით არ ყოფილა. ცხადია, ახლა არ ვსაუბრობთ წლიურ ჭრილში ინფლაციაზე, მხოლოდ თვის ჭრილში, სადაც წინასაახალწლოდ მკვეთრი ფასების ცვლილება არ გვქონია გამომდინარე იქიდან, რომ სტაბილურად არის შენარჩუნებული ლარის კურსი და საწვავზე ფასები, რომელიც პირიქით შემცირებულიცაა.

უახლოეს პერიოდში მოლოდინები ფასების ზრდაზე არ გვაქვს. უპირველეს ყოვლისა ეს მოლოდინი გამომდინარეობს საწვავის საერთაშორისო ფასებსა და ლარის კურსზე. ასევე უნდა ითქვას, რომ ფასების ცვლილებების ტალღამ უკვე გადაგვიარა, იგივე საერთაშორისო გადაზიდვების 300%-იანი ზრდის ფონზე. სუბსიდირების პროგრამების დასრულების შემდეგ მწარმოებლებმა ფასები უკვე გაზარდეს და კრიტიკულ ზღვარს უკვე მიუახლოვდა. შემცირება ვერაფრით მოხდება იმიტომ, რომ ამის წინაპირობა არ გვაქვს, თუმცა გაძვირებასაც არ ველით. იანვარი-თებერვალი ყველაზე დაბალი აქტივობით გამოირჩევა ვაჭრობის მიმართულებით და ვფიქრობთ, რომ სტაბილურად შენარჩუნდება უახლოესი პერიოდი", - განაცხადა ჭყონიამ.

ინფორმაციისთვის, დეკემბერში წლიური ინფლაცია 13,9% იყო — ფასების დონის ზრდა ამაზე მეტად ბოლოს 2011 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 14,3% იყო.

წლიურ ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათზე ფასების ზრდამ მოახდინა — ამ სასაქონლო ჯგუფში პროდუქცია წლიურად 15,6%-ით გაძვირდა და იქიდან გამომდინარე, რომ სურსათი ადამიანების სამომხმარებლო კალათის დიდ ნაწილს შეადგენს, მასზე ფასების ზრდამ ინფლაციაში 5,01%-იანი წვლილი შეიტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები