მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სურსათზე ფასების შემცირება, ადგილობრივი წარმოების ზრდაზეა დამოკიდებული - "გუდვილი"

გიორგი ხაბაშვილი

ჰიპერმარკეტების ქსელის „გუდვილის“ გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი აცხადებს, რომ ინფლაციის პირობებში სურსათზე ფასების სტაბილიზაციისა და შემცირების ერთ-ერთი მთავარი გზა ადგილობრივი წარმოების გაფართოებაა. ამის შესახებ მან BMG-სთან გაძვირებული პროდუქციის თემაზე საუბრისას განაცხადა.

მას მიაჩნია, რომ საქართველოში რძის და ხორცის წარმოების გაზრდა, არამხოლოდ მეწარმეებისთვის იქნება მოგების მომტანი, არამედ მომხმარებელზეც დადებით გავლენას მოახდენს.

"მეწარმეებმა უნდა დაინახონ ეს შესაძლებლობა, ვინაიდან ადგილობრივი წარმოების ზრდა მათთვისაც მოგებიანი იქნება და საბოლოო ფასებზე პოზიტიურად აისახება“, - ამბობს ხაბაშვილი.

მისი შეფასებით, ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება იქონიოს იმანაც, რომ სუპერმარკეტებმა მწარმოებლებთან პირდაპირი კონტრაქტების გაფორმება და საკუთარი ბრენდის ქვეშ პროდუქციის წარმოება უფრო აქტიურად დაიწყონ .

"ამ ნაბიჯებს, შესაძლოა, ფასების ზრდის შეჩერება ან შენელება მოჰყვეს. მნიშვნელოვანია, რომ სუპერმარკეტებმა თავად უზრუნველყონ პროდუქციის იმპორტი, რაც შუალედურ ხარჯებს, მათ შორის ლოგისტიკასა და დამატებით ფასნამატებს გამორიცხავს“, - განმარტავს ის.

„გუდვილის“ გენერალური დირექტორი ასევე ფიქრობს, რომ საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, სურსათის ზოგიერთ კატეგორიაზე დღგ-ის განაკვეთის შემცირება ან განულებაც შესაძლებელია: „ასეთმა მიდგომამ, შესაძლოა, ფასების სტაბილიზაციისთვის დამატებითი შესაძლებლობა შექმნას“, - აღნიშნავს „გუდვილის“ დირექტორი.

ოფიციალური მონაცემებით, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8% შეადგინა, რაზედაც ყველაზე დიდი გავლენა სურსათის ჯგუფში ფასების 10%-იანმა ზრდამ იქონია, ამასთან, ძირითად სამომხმარებლო საქონელს შორის არაერთზე ფასები ორნიშნა რიცხვით არის გაზრდილი, მათ შორის გასულ თვეში ქვეყანაში გაძვირდა პური, რის შედეგადაც ეს საქონელი ტოპ-10 ყველაზე გაძვირებულ საქონელს შორის მოხვდა.

რაც შეეხება ყველაზე მეტად გაძვირებულ საქონელს, აქ პირველ ადგილს ქლიავი იკავებს 102%-ით, მეორე ადგილზეა მსხალი 53%-ით. ასევე, მკვეთრად გაძვირდა კაკაო, კარტოფილი, ატამი და სხვა სასურსათო პროდუქტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები