მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანიშვილის ფინანსური სერიალის მეორე ნაწილი დაიწყო - ახლა უკვე სხვა შვეიცარიულ ბანკს უჩივის - რომან გოცირიძე

გოცირიძე

დღეს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს უჩივის, რაც 2024 წლის 27 დეკემბერს აშშ-ის სანქციების დაწესების შემდეგ ბანკის მიერ ივანიშვილის ოჯახის წევრების მომსახურების შეჩერებას უკავშირდება.

ივანიშვილი დავობს, რომ მისი ოჯახის წევრებსა და მათ კომპანიებს Julius Baer-მა მომსახურება უკანონოდ შეუჩერა. დღეს გავრცელებულ ინფორმაციაზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი და ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე, რომელიც აღნიშნავს, რომ ივანიშვილის ახალ დავას ამჯერად სხვა ბანკის წინააღმდეგ შეიძლება ეწოდოს სერიალის მეორე ნაწილი, რომელიც Credit Suisse-სთან თავისგან განსხვავებით ბევრად უფრო მძიმე იქნება, რადგანაც ის სანქციებთან არის დაკავშირებული.

რომან გოცირიძე ასევე წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოასწრო და Credit Suisse-სთან მოგებული თანხა, 461 მილიონი დოლარი ქართუ ბანკში განათავსა, სადაც ის თავს უფრო დაცულად გრძნობს იმის გათვალისწინებით, რომ მის პარტიას საქართველოს ეროვნულ ბანკზე გააჩნია კონტროლი.

"ივანიშვილის მძაფრსიუჟეტიანი ფინანსური სერიალის მეორე ნაწილი დაიწყო ახლა უკვე სხვა შვეიცარიულ ბანკს უჩივის, ჩემს ფულს არ მაძლევსო.

მოდით, მოკლედ მიმოვიხილოთ ცნობილი სერიალის პირველი სეზონი:

ივანიშვილმა უჩივლა შვეიცარიის სიდიდით მეორე ბანკს სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოებში, რათა მისი კუთვნილი ფული დაებრუნებინა მიყენებულ ზიანთან ერთად. იგი მართალი იყო ამ ბანკთან. სასამართლო განხილვა რამდენი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. სინგაპურის სასამართლოში ივანიშვილმა დავა მოიგო და 461 მილიონი დოლარი გასული წლის დაიბრუნა, ხოლო ბერმუდის სასამართლოში დავა დღემდე გრძელდება.

შიდა მოხმარებისათვის ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიის ბანკთან მისი ისტორია გაასაღა როგორც ე. წ. გლობალური ომის პარტიის მიერ მის წინააღმდეგ გაჩაღებული ბრძოლა, რადგან მან თურმე უარი განაცხადა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვაზე. სინამდვილეში, ის შვეიცარიული ბანკი გაკოტრების პირას იყო მისული და ამიტომ ვერ უბრუნებდა ივანიშვილს კუთვნილ ფულს, თანაც სასამართლო დავის მეშვეობით ცდილობდა დროის მოგებას. საბოლოოდ, ეს ისტორია იმით დამთავრდა, რომ ეს ბანკი გაკოტრდა და შვეიცარიის ყველაზე დიდმა ბანკმა მიიერთა. ახლა უკვე ამ ბანკს, როგორც გაკოტრებული ბანკის სამართალმემკვიდრეს, უნდა დაებრუნებინა ფული ივანიშვილისათვის. ასეც მოხდა, ფულის საკმაო ნაწილი ივანიშვილმა უკვე მიიღო, პროცენტებისა და ზიანის ანაზღაურების ჩათვლით, მეორე ნაწილის ირგვივ დავა ფინიშამდეა მისული ბერმუდის სასამართლოში და უდიდესი ალბათობით, ივანიშვილის სასარგებლოდ დამთავრდება.

საბოლოო ჯამში, ივანიშვილმა დაკარგა დრო, მაგრამ მოიგო დიდძალი ფული. დაახლოებით მილიარდ დოლარზეა მთლიანობაში საუბარი.

ამით სერიალი “ჰეფი ენდით” დამთავრდა.

მაგრამ კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა. ჯერ სად ვყოფილვართ. როგორც იტყვიან, აწი იწყება, თავდავიწყება. სერიალი გრძელდება.

სერიალის მეორე სეზონი, როგორც უკვე ირკვევა, იქნება დრამის, კრიმინალის, პოლიტიკური ტრილერის, სატირისა და სხვა ჟანრების ერთობლიობა, კიდევ უფრო მძაფრსიუჟეტიანი.

მეორე სეზონის პირველ სერია ვიხილეთ დღეს: ივანიშვილმა უკვე სხვა შვეიცარიულ ბანკს უჩივლა. არა იმას, რომელიც გაკოტრებულის სამართალმემკვიდრეა, არამედ მესამეს, სადაც ამ სასამართო გადაწყვეტილებით ამოღებულ ფულს, ასევე მისი და მისი ოჯახია წევრების ფულსაც ინახავდა. აღმოჩნდა, რომ ბანკმა საკუთარი ანგარიშებიდან მათ ოპერაციების წარმოება შეუზღუდეს. მიზეზი ამერიკული სანქციებია.

სიცხადე რომ შევიტანოთ საკითხში: ივანიშვილის ოჯახის წევრები და მისი ბიზნესები არ არიან დასანქცირებულები, სანქცია შეეხო პირადას მას, როგორც ფიზიკურ პირს. მაშინ რა შუაშია შვეიცარიული ბანკის მიერ ოჯახის წევრების ანგარიშების გაყინვა? როგორც ჩანს, ივანიშვილის სანქციას ბანკმა ფართო ინტერპრეტაცია მისცა და ჩათვალა, რომ ოჯახის წევრების ანგარიშებზე არსებული თანხები სინამდვილეში ეკუთვნის ივანიშვილს და შეზღუდვები მათზეც გაავრცელა.

დავუბრუნდეთ სერიალის წინა სეზონს: ამერიკულ სანქციებში არის ერთი გამონაკლისი-ივანიშვილის კომპანიებს იგი არ შეხებია, გარდა სინგაპურისა და ბერმუდის სასამართლოში მომდინარე დავების შედეგად მიღებულ თუ მისაღები თანხებისა. მათი გამოყენება ივანიშვილს არ შეეძლება ამერიკის ხაზინის სპეციალური ნებართვის გარეშე.

რატომ არის ნახსენები ამერიკულ სანქციებში სინგაპურის სასამართლო, როცა იქ პროცესი მორჩა და ივანიშვილის განცხადებებიდან გამომდინარე, ასევე შვეიცარიის UBC ბანკის აუდიტის კვარტალური დასკვნის შესაბამისად, ივანიშვილმა უკვე მიიღო 461 მილიონი დოლარი? შეიძლება არ იცოდა ეს ფაქტი ამერიკის ხაზინამ? ნაკლებად სავარაუდოა. სინგაპურში გამარჯვებული ფული ივანიშვილს სადღაც ხომ უნდა შეენახა? როგორც ჩანს, მისი ნაწილი სწორედ ამ, უკვე მესამე შვეიცარიულ ბანკში აღმოჩნდა, რომელმაც გაუყინა რომელსაც ახლა უჩივის.

ჩვენს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციით, ის 461 მილიონი დოლარი ივანიშვილმა “ქართუ ბანკის” მეშვეობით მყისიერად გამოიტანა შვეიცარიიდან და განათავსა ეროვნული ბანკის სავალუტო ანგარიშებზე გასული წლის ნოემბრის თვეში. ეროვნული ბანკი, როგორც ქართუს ბროკერი და ივანიშვილის კანტორა, გამოყენებული იქნა მისი პირადი პრობლემების მოსაგვარებლად. ფაქტობრივად, უკვე მშვიდ ვითარებაში, ივანიშვილმა დაიწყო ამ ფულის დაბინავება: დადო დეპოზიდებზე არაბულ ბანკებში, ევროპის რამდენიმე ბანკში ( მათ შორის აღნიშნულ შვეიცარიულ ბანკში), რომელთაც უფრო ენდობოდა და არ მიაჩნდა სარისკოდ, ასევე საქართველოს ორ დიდ ბანკში. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის დახმარებით შეიძინა 44 მილიონი დოლარის ღირებულების ნახევარი ტონა ოქრო, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება.

ასე დამთავრდა სერიალის პირველი სეზონი და მის გაგრძელება შეიძლება არც გამხდარიყო საჭირო, რომ არა ის მეხი, რომელმაც მოღრუბლულ ცაზე იჭექა სანქციებმა. ამ ეტაპზე ეს უფრო გამაფრთხილებელი, შეზღუდული ძალის სანქციებია. მიუხედავად ამისა, მისი ეფექტი საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა.

ვიხილავთ თუ არა მესამე სეზონს? ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწორ დასკვნებს გამოიტანს ბიძინა ივანიშვილი მის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან. თუ არ გააცნობიერა მთელი სიგრძე-სიგანით, რა ხდება მის თავს, სადამდე შეტოპა და უკან დროზე არ დაიხია, მესამე სეზონი ძალიან მძიმე იქნება: ცრემლები, ფინანსური კრახი, გისოსები, მღვდელი საკანში და დაგვიანებული აღსარება და ა. შ. მოკლედ, ჩვეულებრივი დრამის ჟანრის სერიალი საშინელებათა კატეგორიაში გადაიზრდება,"- წერს რომან გოცირიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები