მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივანიშვილის სანქცირება, არჩევნების საერთაშორისო გამოძიება, უვიზო რეჟიმის გადახედვა - ევროპელი დეპუტატების განცხადება

ევროკავშირი-საქართველო

18 ქვეყნის დეპუტატები და ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც 26 ოქტომბრის არჩევნების დარღვევებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების აუცილებლობაზეა საუბარი.

ამასთან, განცხადებაში არის მოწოდება ევროკავშირის და ტრანსატლანტიკური მოკავშირეების მიმართ, რომ სანქციები დაწესდეს საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო პროცესში დარღვევებზე.

კიდევ ერთი საკითხი რაზეც განცხადებაშია საუბარი, ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის გადახედვას შეეხება. ასევე, მთავრობისკენ მიმართული დახმარებების გაყინვას და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერებას.

"მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს და მათ ევროპულ არჩევანს.

ღრმა სინანულით აღვნიშნავთ საქართველოს ბოლოდროინდელ დემოკრატიულ უკუსვლას, მათ შორის ანტიევროპული კანონმდებლობის ამოქმედებას, რომელიც ზღუდავს სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის და ადამიანის უფლებებს.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები გამოირჩეოდა უპრეცედენტო რაოდენობის ინციდენტებით და სისტემური დარღვევებით, რომლებიც დაფიქსირდა საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ",- აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ავტორები მოითხოვენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უზრუნველყოს:

  • რომ ყველა ბრალდება საარჩევნო მანიპულირების შესახებ (მათ შორის წინასაარჩევნო პერიოდში), განსაკუთრებით ამომრჩეველთა დაშინებასთან და ხმის მოსყიდვასთან დაკავშირებით, გამჭვირვალედ იყოს გამოძიებული;
  • ბრალდებები იმდენად სერიოზულია, რომ მხოლოდ დამოუკიდებელ საერთაშორისო გამოძიებას შეუძლია გამოიძიოს - ყველა დაფიქსირებული დარღვევა როგორც არჩევნების მიმდინარეობისას, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში.
  • გახადოს ხმის მიცემის ოქმების ხელმისაწვდომი და საჯაროდ გამჭვირვალე, რომ თითოეულმა ამომრჩეველმა შეძლოს გადაამოწმოს, არის თუ არა ინფორმაცია მისი ხმის მიცემის, დროის და ადგილის შესახებ ზუსტი;
  • იმ კანონმდებლობის გაუქმება, რომელიც ძირს უთხრის ძირითად უფლებებს და საქართველოს მოქალაქეებისა და ორგანიზაციების თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი;

"მოვუწოდებთ ევროკავშირს და ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს სანქციების დაწესებისკენ საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო პროცესის დარღვევებზე, მათ შორის სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე მთელი საარჩევნო პროცესის განმავლობაში.

მოვუწოდებთ ევროკავშირს ყველა ფონდის გაყინვისკენ, რომელიც მოიცავს დახმარებასა და თანამშრომლობის პროექტებს საქართველოს სახელმწიფო და საჯარო დაწესებულებებთან, გარდა იმ ფონდებისა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების დახმარებისკენ არის მიმართული. ამავდროულად, მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს ფინანსური დახმარების გაზრდისკენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რომლებიც ეფუძნებიან დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის პატივისცემას.

ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია უვიზო რეჟიმი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ ევროკომისია და საბჭო საქართველოს ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის გადახედვისკენ, მისი სრული შეჩერების შესაძლებლობის გამორიცხვის გარეშე, თუ ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები არ შესრულდება.

ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან და მის ევროპულ არჩევანის გვერდით დგომას. ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში",- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ერთობლივად ავრცელებენ ავსტრიის, ბელგიის, ჩეხეთის, ესტონეთის, ფინეთის, იტალიის, ირლანდიის, საფრანგეთის, გერმანიის, ლიეტუვის, ლატვიის, პოლონეთის, ესპანეთის, მოლდოვის, შვედეთის, ნიდერლანდების, ლუქსემბურგის, უკრაინის პარლამენტების საგარეო და ევროპის კომიტეტების ხელმძღვანელები და ევროპარლამენტის წევრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები