ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციაში არის მოწოდება, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არ აღიარებისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ.
ევროპარლამენტის ხუთი ძირითადი ჯგუფის ერთობლივ რეზოლუციას "საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო გაყალბების შემდეგ" მხარი 444-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა.
სხვა საკითხებთან ერთად, რეზოლუციაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა არჩევნების საკითხს.
კერძოდ, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე და არის მოწოდება გამოძიების შესახებ. რეზოლუცია მიიჩნევს, რომ დარღვევების სიდიდის გამო არჩევნების ლეგიტიმურობა სერიოზულად შელახულია და საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა აღიაროს მისი შედეგები.
"შესაბამისად, უარყოფს საპარლამენტო არჩევნების ნებისმიერ აღიარებას და მოუწოდებს ხელახლა ჩატარებისკენ ერთი წლის განმავლობაში, გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გულმოდგინე საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი",- წერია რეზოლუციაში.
რეზოლუციაში კვლავ არის მოწოდება ბიძინა ივანიშვილის პერსონალურ სანქცირებაზე. ამასთან, მოუწოდებს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების სანქცირებაზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, საარჩევნო კანონმდებლობისა და სტანდარტების დარღვევაზე, ადმინისტრაციულ ძალადობასა და სახელმწიფო ინსტიტუტების არასწორ გამოყენებაზე. ასეთებად კი დასახელებულია: ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. ასევე, მოწოდებაა იმ მოსამართლეების სანქცირებისკენ, რომლებიც გამოიტანენ პოლიტიკურად მოტივირებულ განაჩენებს.
"იმეორებს მოწოდებას საბჭოს და ევროკავშირის დემოკრატიული პარტნიორებისადმი, დაუყოვნებელი და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებაზე ბიძინა ივანიშვილისთვის და მისი მთელი აქტივების გაყინვაზე ევროკავშირში, მისი როლის გამო საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში და ქვეყნის კონსტიტუციით დეკლარირებული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებისთვის, მათ შორის ქვეყანაში რუსეთის გავლენის სფეროს აღდგენის მცდელობისთვის",- ნათქვამია რეზოლუციაში.
ამასთან, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირს მკაცრად შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან.
რეზოლუცია ხაზს უსვამს, რომ ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმებისთვის და მოუწოდებს კომისიას და საბჭოს გადახედონ საქართველოს უვიზო სტატუსს, შეჩერების შესაძლებლობით, თუ ჩაითვლება, რომ ევროკავშირის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების შესახებ არ არის დაცული.
რეზოლუციაში საუბარია ანტიდემოკრატიულ კანონებზე, როგორებიცაა "რუსული" და ანტი ლგბტ კანონი და იმეორებს მათი გაუქმების მოწოდებას, ევროკავშირისკენ კურსის შემოსაბრუნებლად.
მოუწოდებს საბჭოს, კომისიას, ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურს და ევროკომისიის ახალ ვიცე-პრეზიდენტს/ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჩაატარონ საქართველოს მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის ყოვლისმომცველი მიმოხილვა და გადახედვა.
მოუწოდებს კომისიას გამოიყენოს გაყინული 120 მილიონი ევრო, რომელიც თავდაპირველად განკუთვნილი იყო საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად, რათა გააძლიეროს მხარდაჭერა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, განსაკუთრებით არასამთავრობო სექტორისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ.
რეზოლუცია ეთანხმება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნების გაყალბების მტკიცედ დაგმობას და შედეგების არ აღიარებას. აფასებს მის ძალისხმევას ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული განვითარების გზაზე დასაბრუნებლად.
გმობს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის ვიზიტს საქართველოში, რომელიც იყო ევროკავშირის პოზიციების დარღვევა და ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შელახვის კიდევ ერთი მცდელობა; ხაზს უსვამს, რომ ორბანი ევროკავშირის სახელით არ საუბრობდა.
მტკიცედ იმეორებს სასწრაფო მოთხოვნას ჰუმანიტარული ნიშნით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.