აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას შეუძლია აჩვენოს, რომ არსებობს სისუსტე, რამაც შესაძლოა გააჩინოს სხვადასხვა ბზარი და ნაპრალი „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის,- ამის შესახებ "მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური პროგრამების ხელმძღვანელმა ლორა თორნტონმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, ივანიშვილმა ალბათ უკვე გადამალა ფული, მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებას უკიდურესად ართულებს. ლორა თორნტონმა ისიც აღნიშნა, რომ თუ ქართული ბანკები არ დაემორჩილებიან სანქციებს, ეს მათ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან და SWIFT-ის სისტემისგან მოწყვეტს.
"სანქციების ტექსტი, ენა ძალიან ზოგადი და ძალიან ფართოა. ასე რომ, ეს შეიძლება შეეხოს საბანკო ოპერაციებსაც. მაგალითად, თუკი ქართული ბანკები არ დაემორჩილებიან სანქციებს, ეს მათ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან და სვიფტის სისტემისგან მოწყვეტს. ამას გავლენა ექნება [ივანიშვილის] ამერიკის გარეთ არსებულ ბიზნეს ინტერესებზეც, თუკი არის რომელიმე მეწილე ან ინტერესი ამერიკაშიც. ნახსენებია ივანიშვილთან არაპირდაპირი კავშირიც, ეს შეიძლება მოიცავდეს მის შვილებსაც კი. ვფიქრობ ამაში უფრო მეტი გზავნილია: რომ არ არის ხელშეუხებელი ბატონი, რომელიც სათავეშია. ის აბსოლუტურად ხელშესახები კაცია. ასევე, ამას მოჰყვება ძალიან პრაქტიკული ფინანსური შედეგები საქართველოსთვისაც, ეს კი გაცილებით უფრო ფართო იქნება, ვიდრე უშუალოდ ივანიშვილი",- განაცხადა ლორა თორნტონმა.
მას არ უკვირს ირაკლი კობახიძის განცხადება, რომელიც ცდილობს სიტუაცია ისე წარმოაჩინოს, რომ ივანიშვილის სანქცირება არაფერს ცვლის.
"არ მგონია პრემიერ-მინისტრსაც ბევრი არჩევანი ჰქონდეს. მე სულაც არ მიკვირს, რომ ის ცდილობს თავი მოიკატუნოს, თითქოს ამას არანაირი გავლენა არ ექნება და დაარწმუნოს ქართული საზოგადოება, რომ კვლავ ისინი მართავენ სიტუაციას, მაგრამ სინამდვილე ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ იყო სანქცირებული, “კრედიტ სუისი” (შვეიცარული ბანკი, რომელთანაც მას დავა ჰქონდა) ამერიკასთან არაფერ შუაშია. ასე რომ, ვფიქრობ, ყველას, ვისაც კი მცირედი ინტელექტი ან მცირე მოკვლევის უნარი მაინც აქვს, შეუძლია გაიგოს, რომ ეს უბრალოდ სიცრუეა. ისინი კი კვლავ ეცდებიან დაამშვიდონ [საზოგადოება] და თავი მოაჩვენონ, თითქოს დიდი არაფერი მომხდარა. ზუსტად ისევე, როგორც ეს სხვა სანქცირებული მაღალჩინოსნების შემთხვევაში გააკეთეს. როდესაც ისინი დააწინაურეს და გამოიყენეს სახელმწიფო ფინანსები იმისთვის, რომ მათთვის სანქციების ფინანსური წნეხი დაებალანსებინათ. მათ ამის გაკეთება დასჭირდათ, რათა რეჟიმის შიგნით საკუთარი რიგებივე შეენარჩუნებინათ. და ეს ჩემი აზრით, მათ სისუსტეს აჩვენებს",- თქვა ლორა თორნტონმა.
ცნობისთვის, აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. მისი სახელი OFAC-ის სიაში 27 დეკემბერს, თბილისის დროით 20:00-ზე გამოჩნდა. სანქციების გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური სანქციები შეეხება ნებისმიერ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს.




























