"მაკკეინის ინსტიტუტის" გლობალური პროგრამების ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის თქმით, დემოკრატები და რესპუბლიკელები თანხმდებიან, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა ავტოკრატიული მიმართულებით მიდის, ამიტომ უადგილოა მოლოდინი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოვა და "ოცნება" გადაარჩენს. მან ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ საქართველოში რუსული გავლენის გარდა, ჩინეთის და ირანის გავლენაცაა.
"ცხადია, ყველამ ვიცით საქართველოში რუსეთის გავლენის შესახებ, ამაზე ბევრი გვისაუბრია. ასევე ცხადია ჩინეთის ჩართულობის და შავ ზღვაში ანაკლიის პორტის შესახებაც, შავი ზღვის უსაფრთხოების თაობაზე. საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტისას, რამდენიმე კვირის წინ, გამაოცა იმან, რომ მარნეულში ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობაც კი გვეუბნებოდა, თუ როგორი გავლენა აქვს ირანს არა მხოლოდ სკოლების, ბიზნესების თუ სხვა დაწესებულებების მხარდაჭერაში, რაც აქამდეც ხდებოდა, არამედ - აქტიურად და უშუალოდ იმ გზავნილების გავრცელებაში, რაც წინასაარჩევნოდ "ქართული ოცნების" კამპანიის მესიჯებს შეესაბამებოდა. ანტიდასავლური გზავნილები, არალიბერალური ღირებულებები, ლგბტქ თემის საწინააღმდეგო გზავნილები, ომისა და მშვიდობის ნარატივები და სხვა. ეს არაა მხოლოდ რუსეთი და ჩინეთი, აქაა ირანიც, ავტოკრატების ეს ნაწილი. და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში ხალხს აქ, ამერიკაში ეს უკვე კარგად ესმის.
ვფიქრობ, კონგრესმენი უილსონი ძალიან საზრიანად უსვამს ამას ხაზს, რომ ეს არაა მხოლოდ რუსული გავლენა, რომ საუბარია ჩინეთზე, ირანზე, და რომ კობახიძის დგომა ირანში დაკრძალვაზე, სადაც ადამიანები გაჰყვირიან: "სიკვდილი ისრაელს", მას არ შესძენს მეგობრებს არც დემოკრატიულ და არც - რესპუბლიკურ პარტიაში.
ვფიქრობ, "ქართული ოცნება" ლამის სასაცილოც კია იმით, რომ ისინი ფიქრობენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მოვა და მათ რაღაცნაირად გადაარჩენს. ეს ასე უბრალოდ არ მოხდება. ბოლო დროს რესპუბლიკელების მიერ კონგრესში გაკეთებულ განცხადებებს თუ დააკვირდებით, ისინი საქართველოს შესახებ უფრო ხმამაღალ განცხადებებსაც კი აკეთებენ, ვიდრე - დემოკრატები. და ერთი საკითხი იმ ცოტა საკითხთაგან, რაზეც დემოკრატები და რესპუბლიკელები თანხმდებიან, არის ის, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა ავტოკრატიული მიმართულებით მიდის. საქართველოს მთავრობის მოლოდინები ძალიან უადგილოა",- განაცხადა ლორა თორნტონმა.




























