მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ივანიშვილმა ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარი თქვა - აშშ-ის საელჩო

აშშ საელჩო

22 მაისს, აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისგან შეხვედრა მოითხოვა, თუმცა საელჩოს განცხადებით, ივანიშვილმა ამ შეხვედრაზე უარი განაცხადა. როგორც აშშ-ის საელჩო აცხადებს, დანიგანი სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს თხოვნით მოქმედებდა და შეხვედრის მიზანი ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილის გადაცემა იყო.

"აშშ-ის საელჩოს განცხადება პარტია “ქართულ ოცნებასთან" კომუნიკაციის შესახებ

ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს", - წერია საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, "იმედის" ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრას არჩევნების შემდეგ აპირებს. როგორც მაშინ ივანიშვილმა თქვა „როდესაც სინგაპურში სასამართლო მოვიგეთ და ამის აღსრულებას ხელი ვეღარ შეუშალა კრედიტ სუისმა, მე მყისიერად, წინა კვირაში უკვე დავურეკე ამერიკის ელჩს, გვქონდა კომუნიკაცია, ვთხოვე შეხვედრა და ვთქვი, რომ ის მიზეზები, რაც იყო, რეალურად თავისით გადაწყდა, შესაბამისად ჩემგან პრობლემა აღარ არის და მე მზად ვარ შესახვედრად. იქიდანაც ძალიან ჯანსაღი რეაქცია იყო, ამის სურვილი არსებობს და ჩვენ არჩევნების შემდგომ ვაპირებთ შეხვედრას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები