"ბიძინა ივანიშვილმა მეორე ჩვენება მისცა, სადაც პირველ ჩვენებას თავდაყირა აყენებს", - ამის შესახებ თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა "tv პირველთან" ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე განაცხადა, რაზეც მას პროკურატურა ედავება.
გიორგი ბაჩიაშვილის განმარტებით, მტკიცებულებები რაც პროკურატურაშია, მის სასარგებლოდ არის.
"ივანიშვილმა მოახერხა და ისეთი ზღაპარი შეთხზა, რომ თავისივე პროკურატურა შოკშია. არ იციან ამ საქმისგან რა უნდა გამოძერწონ, რადგან ადამიანმა [ბიძინა ივანიშვილმა] დამაბრალა, რომ მე ჩემი კომპანიით „ქართუ ბანკში“ სესხი ავიღე, ჩემივე პირადი თანამონაწილეობა მქონდა ამ სესხში 30%, ეს სესხი დავფარე წელიწადში და რამდენიმე თვეში, ასევე ბანკის დირექტორმა გარკვეული თანხა მოითხოვა ზემოდან დამატებითი „რისკის“ ასანაზღაურებლად და ეს თანხად გადახდილი იყო დაახლოებით წელიწადსა და რამდენიმე თვეში.
ამის მერე 6-7 წლის მანძილზე არაფრის ხსენება არ ყოფილა და ახლა ივანიშვილი ამბობს, რომ ეს სესხი კი არ ყოფილა, ეს იყო თავიდან ბოლომდე მისი ბიზნესი და რომ მე ამ საქმის შესრულებაში არც გასამრჯელო უნდა ამეღო, არც ანაზღაურება და არც არანაირი წილი არ ყოფილა.
მას შემდეგ რაც მე პროკურატურაში მტკიცებულებები წარვადგინე და მტკიცებულებები არის ჩემს სასარგებლოდ, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის ჩანაწერები. ივანიშვილმა მეორე ჩვენება მისცა და თქვა, რომ როგორც გიორგი ამბობს, თავიდან ყველაფერი მართლა მასე იყოო, მაგრამ ბოლო მომენტში მე გადავწყვიტე შემეცვალა და ჩემი გახდა ის პროექტი ჩემი გახდა, რომლითაც ბაჩიაშვილი იყო მოსულიო", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.