სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე (2016-2018) ბიზნესმენი გიორგი ჩხეიძე ვრცელ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ ხელისუფალი, რომელიც საკუთარ ინტერესს საკუთარი ერის ინტერესზე წინ აყენებს განწირულია და აუცილებლად დამარცხდება.
გიორგი ჩხეიძე, ამავე დროს, არის კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის ბიზნეს პარტნიორი და "2 ნაბიჯის" თანამფლობელი.
"ხელისუფალი, რომელიც საკუთარ ინტერესს საკუთარი ერის ინტერესზე წინ დააყენებს და საკუთარი ერის მისწრაფებას დაუპირისპირდება განწირულია და აუცილებლად დამარცხდება.
რაც უფრო ძლიერ ეცდება დაჩაგროს და დაამარცხოს საკუთარი ერი, მით უფრო სასტიკად დაისჯება; ეს შედეგი ისტორიულად გარდაუვალია.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ქართველი ერი შევძლებთ ჩვენი ცივილიზაციური არჩევანისა და თავისუფლების დაცვას, ბოლომდე ვიბრძოლებთ და დავამარცხებთ ნებისმიერ ხელისუფალს, ვინც გაბედავს და ჩვენს ნებასა და მისწრაფებას წინ აღუდგება.
საქართველოში დღეს ფაქტიური ძალაუფლება ერთპიროვნულად, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელშია, რომელმაც მოახერხა და ხალხის ნაცვლად თავად გახდა ძალაუფლების წყარო და ფაქტობრივად ქვეყანა ერთპიროვნულად დაისაკუთრა. მისი მთავრობის თუ პარტიის ნებისმიერ წევრს, იმ ხალხს, რომელიც მან შემოიკრიბა და თავის სამსახურში ჩააყენა, იმდენად უმნიშვნელო რეალური უფლებები გააჩნიათ, რომ “პატრონის” გარეშე ვერანაირ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვერ დგამენ. ისინი მხოლოდ “რეჟიმის ჭანჭიკები” არიან.
ცხადია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ნებისმიერ პოლიტიკურ საკითხს სწორედ ის წყვეტს და რა თქმა უნდა პასუხიც მას მოეთხოვება. ასევე მოეთხოვება პასუხი ხელისუფლებაში მყოფ ნებისმიერ იმ ადამიანს, რომელიც თავისი ქმედებით თუ უმოქმედობით ხელს უწყობს ივანიშვილის ბინძური გეგმების და ზრახვების განხორციელებას, თუმცა მათი დანაშაული ბიძინა ივანიშვილთან შედარებით იმდენად ნაკლებია, რამდენადაც ნაკლებია მათი რეალური გავლენა რეჟიმის შენარჩუნებაზე, რაც გინდა ფორმალური თანამდებობა ეჭიროთ.
შეცდომაა ვინმე კობახიძეს თუ პაპუაშვილის, ან კალაძის და გინდაც გომელაურის წინააღმდეგ ბრძოლა და დიდი ენერგიის ხარჯვა, ისინი არაფერს წარმოადგენენ. როცა საჭირო გახდება მათი პატრონი “ბარტყებივით გადმოუყრის” მსხვერპლად ქართველ ხალხს ნებისმიერ მათგანს.
მთავარი ძალისხმევა ივანიშვილისკენ უნდა იყოს მიმართული და არა მისი ხელქვეითებისკენ, აბა რა, მაგალითად ვინმე ვიგინდარა მდინარაძე ან ეს ზარქუა თუ ყაველაშვილი რამეს ნიშნავს?
ივანიშვილმა არჩევნების წინ, მის ცნობილ ინტერვიუში ხალხისგან მოითხოვა კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვებაში მხარდაჭერა, რის მიზეზად დაუფარავად დაასახელა პოლიტიკური ოპონენტების მოსპობა, ანუ ერთპარტიული, ავტორიტარული სისტემის დამყარება, ასევე მიგვანიშნა, თუ დაფარა, მაგრამ ცხადია, რომ სურდა კონსტიტუციიდან ამოეღო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების ჩანაწერები.
წესით ქართველ ამომრჩეველს მხოლოდ ამ მიზეზით უნდა ეთქვა უარი მისთვის და გაეგდო პოლიტიკური სივრციდან, მაგრამ “ომის” შიშის დანერგვის კამპანიით და ევროკავშირში გაწევრიანების ყალბი დაპირებით მაინც მოახერხა მოეპოვებინა ამომრჩევლის ხმები.
რეალურად მისი ხმები “სააკაშვილის რეჟიმის დაბრუნების” შიშსა და “ომში ჩათრევის” შიშს, მხოლოდ შიშს და სხვას არაფერს ეფუძნება. მან მოახერხა და დააშინა ხალხის დიდი ნაწილი, წარმატებით განახორციელა “საკუთარი ხალხის დაშინების პროექტი”.
ახლა უკვე რა მნიშვნელობა აქვს თუ ხმების რა რაოდენობა მიიღო მან?
ის ახლა უკვე მაინც ისე მოქმედებს როგორც უნდა, არად დაგიდევს ხალხის ნებასა თუ ქვეყნის კონსტიტუციას.
ძალიან სამწუხაროა, რომ მან ბოროტად ისარგებლა ხალხის დიდი ნდობითა და მხარდაჭერით, ტყუილის, სიყალბის, უღირსობისა და სიძულვილის კორიანტელში გადააგდო ქვეყანა. უღალატა ყველა იმ იდეალსა თუ მიზანს, რის გამოც თავის დროს ხალხმა აირჩია და ახლა უარესი ფორმით იმეორებს იმ ქმედებებს, რის გამოც ხალხმა წინა ხელისუფლებაზე უარი თქვა იმ იმედით, რომ არასდროს დაუბრუნდებოდა იმ საშინელ მდგომარეობას, მაგრამ …
ივანიშვილმა დაამყარა ერთპიროვნული, არაფორმალური მმართველობა, დაიქვემდებარა სასამართლო ხელისუფლება და მოახდინა ძალაუფლების სრული უზურპაცია. ამით მან საქართველოს მოუსპო რეალური სახელმწიფო ფუნქციები და პოლიტიკური ხელმძღვანელობა. გახდა ქვეყნის ერთპიროვნული ხელმძღვანელი. ამით მან დაამხო ქვეყნის კონსტიტუციური წყობა და დაამყარა ავტორიტარული რეჟიმი. ამით მან ქვეყანა მოწყვლადი გახადა სხვადასხვა საშინაო და საგარეო რისკების მიმართ და შეაფერხა ქვეყნის განვითარება.
ივანიშვილი მიზანმიმართულად აკნინებს სახელმწიფო ინსტიტუციებს და ამით ხალხის ღირსებას შეურაცხყოფს. მან თავხედურად, ცინიკურად, ფაქტიურად პრეზიდენტად დაგვინიშნა მიშა ყაველაშვილი, რითიც გვითხრა, რომ ამაზე მეტის ღირსნი არ ვართ და რომ ეს გაუნათლებელი და უკულტურო ადამიანი საუკეთესოდ წარმოაჩენს ქართველი ხალხის “ჰაბიდუსს”. ამით კიდევ ის თქვა, რომ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა თუ ვინ იქნება ქვეყნის პრეზიდენტი და მთავარსარდალი, რით ვერ გაიგეთ, რომ ყველაფერი თავად მე ვარო.
ივანიშვილმა მიზანმიმართულად დაანგრია ათწლეულობით ნაშენები სტრატეგიული კავშირები აშშ-სა და ევროკავშირთან და სულ ახლახან პირდაპირ გამოგვიცხადა, რომ გადაწყვიტა ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვას. როგორც არ უნდა ეცადონ მისი “კომიკური თოჯინები” ამტკიცონ, რომ ასეთი რამ არ თქმულა, ყველაფერი ძალიან გასაგებად ითქვა და ახლა ხალხს შეურაცხყოფას აყენებს თავისი უტიფარი დემაგოგების გუნდის პირით, თითქოს ნათქვამის შინაარსს ვერ ხდებოდეს ხალხი.
მან ამერიკასა და ევროკავშირთან დაშორებით ქვეყანას დააკარგვინა მოკავშირეები, რომელთაც შეუძლიათ განვითარებასა და თავის დაცვაში დაგვეხმარონ და მარტო დაგვტოვა ოკუპანტი რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეების, შესაძლოა ფატალური საფრთხეების წინაშე. ქვეყნის უსაფრთხოება და სუვერენიტეტი უდიდესი საფრთხის წინაშე დააყენა და თან დასავლეთთან გაუგებარი ვაჭრობის, პოლიტიკური თამაშის საგნად აქცია.
ივანიშვილის რეჟიმი მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოება დააშოროს მოწინავე საკაცობრიო იდეალებს და ფუნდამენტურ ადამიანურ ღირებულებებს, შეუზღუდოს განათლება და ამის ნაცვლად ჩატოვოს წარსულის გადმონაშთებისა და ყალბი, “ვითომ ქართული” ღირებულებებით სავსე წყვდიადში. ცდილობს დააშინოს ხალხი, ვითომ დასავლეთი მორალს და ეროვნებას წაგვართმევს. ერთი სიტყვით ცდილობს ერს თავისუფლება წაართვას. ასე უფრო მოვერგებით მისი აზრით იმ სამყაროს, რაც მას წარმოუდგენია ქართველი ხალხისთვის.
ეს ყველაფერი მხოლოდ ასე შეიძლება შეფასდეს – ერის ღალატი!!!
ივანიშვილს ჰგონია, რომ ქართველები ყველაფერს გადაყლაპავენ და შეეგუებიან, რომ ჩვენი დაშინება და დაბეჩავება შეუძლია.
მგონია, რომ ეს მისთვის აზარტული თამაშის სახეა, რომელშიც გამარჯვება სიამოვნებას ანიჭებს და თვითშეფასებას უზრდის. მაგრამ საბედნიეროდ ამ თამაშს მისდა მოულოდნელად აგებს. დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ამ თამაშში იწვნევს ყველაზე დიდ მარცხს. მან გადალახა ზღვრები და გამოიწვია ის ქარიშხალი, რომელშიც ან თავად გადარჩება ან ქართველი ერი. სამწუხაროდ ასეა საქმე.
ახლა ის ნებისმიერ ფასად ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას და ყოვლად უსამართლო, უღირსი და სასტიკი მეთოდებით უსწორდება ხალხს.
ის სამწუხაროდ, კარგა ხანია გასცდა ლეგიტიმურობის ყოველგვარ საზღვრებს და სასტიკად ძალადობს ადამიანებზე. ის ცდილობს დანერგოს შიში და ძალმომრეობა.
ყველაზე მზაკვრული და საშიში ქმედება ის არის, რომ ცდილობს საზოგადოება გახლიჩოს, დააპირისპიროს და ერთმანეთი შეაძულოს ადამიანებს, დაასუსტოს და ასე დაიმონოს.
ივანიშვილის ქმედებებმა დაგვაბრუნა იმ ისტორიულ წერტილში, საიდანაც თავის დაღწევას ცდილობდა საქართველო 1988-89 წლების მოვლენების დროს. დღეს, 35 წლის შემდეგ კვლავ ვდგავართ რუსთაველზე და კვლავ მოვითხოვთ თავისუფლებასა და იმ დამოუკიდებლობას, რომელიც მაშინ ბრძოლით მოვიპოვეთ და ახლა ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, რომ დაგვაკარგინოს.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო შეძლებს ბოლომდე ბრძოლას და გამარჯვებას.
აქ უკვე დასათმობი აღარაფერია და გონივრულიც და ჭკვიანურიც სწორედ ბრძოლა და მხოლოდ ბრძოლაა – თავისუფლებისთვის ბრძოლა", - წერს გიორგი ჩხეიძე სოციალურ ქსელში.
კომპანია "ორი ნაბიჯის" წილები ასე ნაწილდება: გიორგი ჩხეიძე - 33.3%; კახი ბექაური - 33.3%; გოჩა ცქიტიშვილი - 33.3%.
გარდა ამისა, ჩხეიძე ფლობს შპს ეს ჯეი დეველოპმენტის 37.5%-ს; რუისპირის მამულის 100%-ს; შპს რე:ინვენთის 2.8%-ს; შპს ვარცლა ჰოტელ ენდ სპა -ს 50%-ს ასევე კახა ბექაურთან ერთად; შპს ექსელი ს 20%-ს.