ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიანეს განცხადებით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არასოდეს ნდომებია. ამის შესახებ მან ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც შეიძლება აღმოჩნდეს "მიტაცებული სახელმწიფოს“ მდგომარეობაში, როგორც ეს სამწუხაროდ მოხდა.
ჩემი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს არასდროს სურდა საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. ჯერ კიდევ 2012 წლის არჩევნებიდან მოყოლებული, როდესაც მისმა პარტიამ გაიმარჯვა. სწორედ ამიტომ დაბრუნდა იგი რუსეთიდან იქ დაგროვილი მილიარდებით, რათა შეეცვალა საქართველოს ევროატლანტიკური კურსი. მისი და კრემლის მიზნები თანხვედრაშია. ეს არის მიტაცებული სახელმწიფო და ავტოკრატიული მმართველობა, ისეთივე, როგორიც ბელარუსსა და რუსეთშია. ეს არა მხოლოდ ივანიშვილის, არამედ კრემლის წარმატებაა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებში.
ის და მისი პარტია მანიპულირებდნენ ქართველი ხალხით და საჯაროდ აცხადებდნენ, თითქოს ევროკავშირის მომხრეები იყვნენ, თუმცა პრაქტიკაში საპირისპირო მიმართულებით მოქმედებდნენ. სხვათა შორის, ისინი წარმატებით მანიპულირებდნენ აქაც ევროპარლამენტში, ევროკომისიასა და სხვა სტრუქტურებში. როდესაც მისი წარმომადგენლები აქ ჩამოდიოდნენ, ჩვენს შეცდომაში შეყვანასაც ახერხებდნენ.
ევროკავშირის პოლიტიკა - 2024 წლის არჩევნებამდე მცდელობა, ეთანამშრომლა „ქართულ ოცნებასთან“ შესაძლოა აუცილებელი იყო, თუმცა როგორც ახლა ჩანს, ეს შეცდომა აღმოჩნდა. ისევე, როგორც შეცდომა იყო პუტინთან მიმართებით 2022 წლამდე. კარგია, რომ ახლა ევროკომისია რეალურ სურათს ხედავს. ეს აისახა კიდეც გაფართოების ანგარიშში, 2025 წლის დოკუმენტში საქართველო დახასიათებულია, როგორც კანდიდატთა შორის ყველაზე ცუდ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა.
ამასთანავე, კრიტიკული ვარ წევრი სახელმწიფოების მიმართ განსაკუთრებით დიდი ქვეყნებისადმი, რომელთაც აქვთ საკმარისი ძალა პოლიტიკის შესაცვლელად", - განაცხადა მან ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის დღევანდელ სხდომაზე.
ქვეკომიტეტის სხდომაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ ქართველი ჟურნალისტი გურამ როგავა და ევროპული პოლიტიკის კვლევითი ცენტრის (CEPS) მკვლევარი თინათინ ახვლედიანი.
ჟურნალისტმა საკუთარ გამოსვლაში ევროპარლამენტარებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დღეს მათი მხარდაჭერა დემოკრატიული ინსტიტუტების, მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანია.




























