მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ივანიშვილს უნდა ჯიბის სასამართლო. ჯიბის სასამართლოს არ უნდა რეფორმები“ – სანდრო ბარამიძე

643ab609aaf58
ელენე კვანჭილაშვილი
15.04.23 20:00
1081
„ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მას უნდა ჯიბის სასამართლო. ჯიბის სასამართლოს არ უნდა რეფორმები. შესაბამისად, შედგა გარიგება სისტემის მესვეურებსა და ივანიშვილს შორის“ – ასე აფასებს ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–სთან 2012–2018 წლებში იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე სასამართლო სისტემის უკუსვლას.

სანდრო ბარამიძემ თანამდებობა 2018 წელს – სარალიძის საქმის გამო დატოვა, თუმცა, როგორც დღეს აფასებს „მიზეზი უფრო ღრმა იყო“.

„მე ამ თანამდებობაზე მოვედი იმიტომ, რომ მეკეთებინა საქმე – იმისათვის, რომ სასამართლო რეფორმა მიგვეყვანა ბოლომდე. თავიდან რაღაც ნაბიჯები მართლაც გადაიდგა, მაგრამ შემდეგ ნელ–ნელა ტემპი შენელდა, შემდეგ კი საერთოდ გაჩერდა. ამ ყველაფრის მოთმენა მე აღარ შემეძლო და ამიტომაც წამოვედი“ – ამბობს „ანალიტიკა“–სთან სანდრო ბარამიძე.

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო კლანს მისცა კარტბლანში – მათ შორის, საკანონმდებლო რეფორმების დაბლოკვის უფლებაც, რის სანაცვლოდაც, ივანიშვილი მათგან მოითხოვდა სრულ მორჩილებას გარკვეულ პოლიტიზირებულ საკითხებში.

„ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის კითხვაზე – რეალურად, რამდენად ერთგულები არიან მოსამართლეები, რადგან წინა და ამ ხელისუფლების დროსაც ერთი და იგივე სახეებს ვუყურებთ – მათ შორის, სანქცირებული მოსამართლეების შემთხვევაშიც – სანდრო ბარამიძე გვპასუხობს, რომ გარიგება დღესაც ძალაშია და გრძელდება.

„ქართული ოცნების პოლიტიკური ხელმძღვანელობა პოლიტიზირებულ საქმეებზე ღებულობს იმ შედეგს, რომელიც მას სურს, რომ სასამართლო ხელისუფლებისგან მიიღოს – ამბობს სანდრო ბარამიძე „ანალიტიკა“–სთან – მეორეს მხრივ, ამ კლანის ხელმძღვანელი მოსამართლეები აბსოლუტურად ხელშეუხებელნი არიან და სარგებლობენ ივანიშვილის და მისი გარემოცვის მფარველობით – ეს ამ დღეებშიც გამოჩნდა სწორედ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მიღებული ზომების ფონზე“.

აშშ-მა 5 აპრილს მიიღო გადაწყვეტილება, სანქციები დაეწესებინა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლისთვის. ესენი არიან თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან მურუსიძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძე (ყოფილი მოსამართლე). სანქცია ეხება მათი ოჯახის წევრებსაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები