გადაცემა "ანალიტიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ბიზნესმენმა გიორგი ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილთან მის დავაში წარდგენილი სატელეფონო საუბარი, რომელიც 2015 წლით თარიღდება დაუშვებლად ცნეს, რადგანაც ექსპერტიზამ მასში ბიძინა ივანიშვილის ხმა ვერ ამოიცნო. ამასთან გიორგი ბაჩიაშვილი აღნიშნავს, რომ ჩანაწერი ექსპერტიზაზე გერმანიაში გაიგზავნა.
გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ის სატელეფონო საუბრებს იწერდა, რაც მათ შორის Credit Suisse-ის წინააღმდეგ ივანიშვილის დავის ფარგლებში, ბანკის წინააღმდეგ მტკიცებულებების შეგროვებას ემსახურებოდა. შესაბამისად, მისი თქმით, ივანიშვილისთვის სიახლე არაა, რომ სატელეფონო საუბრების ჩანაწერები ჰქონდა.
"ეს იყო სატელეფონო საუბარი, რომელიც შედგა ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის, 10-წუთიანი ჩანაწერია. მე ჩავწერე, ტელეფონზე მეყენა ზარების ხმის ჩამწერი პროგრამა ეს ივანიშვილის საწინააღმდეგოდ არ გამიკეთებია, რეალურად მის დასაცავად მეყენა. ეს გამომადგა როდესაც Credit Suisse-მა დამირეკა როდესაც მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის აღმოჩენა მოხდა. მე მირეკავდნენ Credit Suisse-ის თანამშრომლები და ცდილობდნენ, რამენაირად შევეტყუებინე გარკვეული ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენი გადაწყვეტილებების შედეგად მოხდა ბანკში ეს მდგომარეობა. შესაბამისად, ამით დავეხმარე და ეს იცოდა კიდეც, ეს 2015 წელს ხდება, ვუთხარი რომ დამირეკეს და ტელეფონზე ჩამწერი მიყენია და შესაბამისად მაქვს ეს ჩანაწერები. ეს ჩანაწერები სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ დასავლურ სასამართლოზე, რადგან იქ მიდიოდა სამოქალაქო დავა და ამ მასალებს არ იღებს სასამართლო, ხოლო სისხლის სამართლებრივ საქმეებზე მსგავსი ჩანაწერი არის ლეგიტიმური. როდესაც ჩანაწერი შეიცავს სისხლის სამართლებრივ დანაშაულს ის ხდება ლეგიტიმური.
10-წუთიან სატელეფონო ჩანაწერში რომლის მოსმენის დროს ყველასთვის გასაგებია ვინ არიან მხარეები, ექსპერტმა ვერ ამოიცნო ივანიშვილი.
მე რა თქმა უნდა არ ვიყავი სამხარაულის საექსპერტო ბიუროს იმედზე, ამიტომ აუდიო ჩანაწერი გავაგზავნე გერმანიის საექსპერტო ბიუროში და ძალიან მალე უკვე ველოდები მათ პასუხს. იქ უკვე ცალსახად გახდება ცნობილი, რომ თურმე ჩვენი ქართველი ექსპერტი ხმაზე ვერ ცნობს ივანიშვილს და გერმანიაში არსებული ექსპერტები ამოიცნობენ. ალბათ გამოვა მდინარაძე ან კობახიძე და მოგვახსენებს, რომ ესეც გლობალური ომის პარტიის ნაწილია,"- განაცხადა ბაჩიაშვილმა.




























