ზაფხული სეზონი დასასრულს უახლოვდება. სასტუმროები და სხვა ტურისტული ობიექტები უკვე აფასებენ, როგორი იყო ბიზნესისათვის განვლილი სამი თვე. BM.GE დაინტერესდა, როგორ ჩაიარა სეზონმა მესტიაში, სადაც, ადგილობრივები ზამთრის სეზონითაც უკმაყოფილო იყვნენ.
BMG ზაფხულის ტურისტული სეზონის შესაფასებლად კითხვებით სასტუმრო „ფოსტას“ დაუკავშირდა.
„15 ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე სასტუმრო 80%-იანი დატვირთვით მუშაობდა და კარგი სეზონიც იყო, თუმცა დანარჩენი თვეები ჩავარდა. მეტის მოლოდინი გვქონდა, რომელმაც არ გაამართლა.
დამსვენებლებს რაც შეეხება, იყვნენ როგორც ადგილობრივები, ასევე უცხოელი ტურისტები ინგლისიდან, ისრაელიდან, გერმანიიდან... რუსი ტურისტები შედარებით ნაკლებად იყვნენ“, - განუცხადა BM.GE-ს “ფოსტას“ ადმინისტრატორმა, გვანცა ფალიანმა.
მისი თქმით, მესტიაში ტურისტების მოზიდვისთვის მთავარ გამოწვევად კვლავ მოუწესრიგებელი გზები რჩება, რაც შეეხება სხვა საკომუნიკაციო არხებს, ელექტროენერგიისა თუ წყლის მიწოდებას, მთელი ზაფხულის განმავლობაში იყო გამართული.
ფალიანის თქმით, „ფოსტაში“ განთავსების ფასები ზაფხულის წინა სეზონთან შედარებით გაზრდილი არ არის და პირიქით, მცირედით შემცირებულია: „მაღალ სეზონზე ორადგილიანი ნომრის საშუალო ღირებულება 350 ლარია“.
გაზაფხულზე, 16 მარტს „ფოსტის“ ორიდან ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 4-სართულიანი ნაგებობა მნიშვნელოვნად დააზიანა. „ფოსტის“ წარმომადგენელს თქმით, სასტუმროს სამომავლო გეგმებში სწორედ ამ შენობის აღდგენა შედის: „ვფიქრობთ, რომ სარესტრონო სივრცე, მისი პირველი სართული, ზამთრისთვის რესტავრირდება და გაიხსნება“.