მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივლისის ბოლოს, საბანკო სექტორში დეპოზიტებმა ₾73.9 მილიარდს მიაღწია

ფული

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების მოცულობამ, ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა, 2026 წლის ივლისის ბოლოს 73.93 მილიარდი ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების მოცულობა წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელთან შედარებით 410.97 მილიონი ლარით, ანუ 0.56%-ით გაიზარდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ზრდამ 0.80% შეადგინა. დეპოზიტების წლიური ზრდა კი, გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 20.90% იყო.

ივლისში დეპოზიტების სტრუქტურაში განსხვავებული დინამიკა დაფიქსირდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ვადიანი დეპოზიტების მოცულობა ერთი თვის განმავლობაში 527.79 მილიონი ლარით, ანუ 1.46%-ით გაიზარდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, ზრდამ 1.67% შეადგინა.

ამის საპირისპიროდ, მოთხოვნამდე დეპოზიტების მოცულობა 116.82 მილიონი ლარით, ანუ 0.31%-ით შემცირდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, კლება 0.04% იყო.

2026 წლის ივლისის ბოლოს დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 56.81% შეადგინა. მაჩვენებელი წინა თვის ბოლოსთან შედარებით 0.65 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაციის ზრდამ 0.51 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.12% შეადგინა.

განაკვეთი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა დეპოზიტის ვალუტის მიხედვით. ეროვნულ ვალუტაში განთავსებულ ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიური შეწონილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთი 8.91% იყო, ხოლო უცხოურ ვალუტაში განთავსებულ დეპოზიტებზე - 2.52%.

„ივლისში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.12% შეადგინა. მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.91%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 2.52%“, - აღნიშნავს ეროვნული ბანკი.

უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტების სტრუქტურაში ძირითადი წილი აშშ დოლარზე მოდის. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისის ბოლოს უცხოური ვალუტის დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 77.16% შეადგინა, ხოლო ევროს წილმა - 20.30%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები