ივლისში ბუნებრივი აირის ფასი თვიურად 1.6%-ით გაიზარდა, წლიურმა ზრდამ კი 22.1% შეადგინა. შედეგად მსოფლიოში 1 მვტ/სთ ბუნებრივი აირის ღირებულება 38.1 დოლარი გახდა.
Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაში, ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ისტორიაში ყველაზე ცხელი ზაფხული, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე საკმარისი არ აღმოჩნდა ფასების მნიშვნელოვნად გასაზრდელად.
„მიუხედავად გაგრილებისთვის ელექტროგენერაციის მზარდი მოთხოვნისა, ბუნებრივი აირის ბაზარმა საკმარისი მიწოდების მოძიება შეძლო. დამატებით, აშშ-ში გაზრდილი წარმოების შედეგად ადგილობრივი ფასები რეკორდულად შემცირებულია. მონაცემების მიხედვით, ბუნებრივი აირის ფასი აშშ-ში ზაფხულის პერიოდში ამ დონეზე 1990-იანი წლების შემდეგ არ ჩამოსულა.
დაბალი ფასების გამო მწარმოებლებმა მოპოვება შეამცირეს, დამატებითი შემცირებები კი შემოდგომაზეა მოსალოდნელი“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
ამასთან საინვესტიციო ბანკში 2025 წლიდან ბუნებრივი აირის კიდევ უფრო გაძვირებას პროგნოზირებენ.
„გამოცდილების მიხედვით, ამერიკული ფირმები საკმაოდ ადვილად ცვლიან წარმოების დონეს არსებული ფასების. შესაბამისად 2025 წლიდან სავარაუდოდ კვლავ გაზრდიან მოპოვებას, ფასების მოსალოდნელი ზრდის გამო, რასაც რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:
მომავალ წელს მსხვილი LNG ექსპორტტერმინალების გახსნაა დაგეგმილი, რაც ადგილობრივ გაზზე მოთხოვნას გაზრდის. დამატებით, ანალიტიკოსები დატა და AI ცენტრებისგან ელექტროენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას ელიან, შესაბამისად გაიზრდება თერმული ელექტრო სადგურების გამომუშავება“, - განმარტავენ Galt & Taggart-ში.
ნედლეულის ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაში ნათქვამია, რომ აშშ-ს ელექტროენერგიაში ბუნებრივი აირი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. წლების განმავლობაში ჯამურ ელექტროენერგიის გამომუშავებაში მისი წილი 40%-ზე ნარჩუნდებოდა, წელს დაბალი ფასების გამო ეს მაჩვენებელი 42%-მდეა გაზრდილი. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში LNG-ს ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია ენერგეტიკის სექტორში.
„Shell-ის მიხედვით, ტრენდი კვლავ გაგრძელდება და მასზე მოთხოვნა 50%-ით გაიზრდება 2040 წლისთვის. რუსეთიც ცდილობს მზარდ ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გახდეს, თუმცა რუსული გაზის მწარმოებელი და LNG ექსპორტიორი კომპანიისთვის (Novatek) მიმდინარე წელი მძიმე არის. კომპანიის გაყიდვები მეორე კვარტალში წლიურად 2.6%-ით შემცირდა, ახალი პროექტის, Arctic LNG 2-ის ამოქმედება კი ჭიანურდება. აღნიშნული პროექტი რუსეთისთვის მეტად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მისი დახმარებით ქვეყნის წილი მსოფლიო LNG ვაჭრობაში 8%-დან 20%-მდე უნდა გაზრდილიყო 2030-35 წლებისთვის. აშშ-მ სანქციების ერთ-ერთი პაკეტი კონკრეტულად ამ პროექტს დაადო, რის გამოც უცხოელი მეწილეები და კონტრაქტორები მას ჩამოცილდნენ, რამაც Arctic LNG 2 ფინანსებისა და შემსყიდველების გარეშე დატოვა“, - აღნიშნავენ ანალიტიკოსები.