ელექტრომობილების გლობალური გაყიდვები კვლავ მაღალია. ამის შესახებ ინფორმაციას electrek-ი, გლობალური კვლევითი ფირმა Rho Motion-ის ახალ მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.
პუბლიკაციის მიხედვით, 2025 წლის ივლისში ბაზარზე 1.6 მილიონი ელექტრომობილი გაიყიდა. ეს გასული წლის ივლისთან შედარებით 21%-ით მეტია, მიუხედავად იმისა, რომ ივნისის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაყიდვები 9%-ით შემცირდა. ამით წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში ელექტრომობილების საერთო გაყიდვებმა 10.7 მილიონს მიაღწია, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 27%-ით აჭარბებს.
ელექტრომობილების ბაზარზე კვლავ დომინანტი მოთამაშე ჩინეთია, სადაც წლიურად 6.5 მილიონი ელექტრომობილი იყიდება. ეს მონაცემები კი გლობალური ელექტრომობილების გაყიდვების ნახევარზე მეტია.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ელექტრომობილების გაყიდვები ივლისში ივნისის მაჩვენებელთან შედარებით 13%-ით შემცირდა, ზედიზედ მესამე თვეა ელექტრომობილების წილი მსუბუქი ავტომობილების გაყიდვების ნახევარზე მეტს შეადგენს.
რაც შეეხება ევროპას, ელექტრომობილების გაყიდვები წლიურად 30%-ით გაიზარდა და 2.3 მილიონ ერთეულს მიაღწია. ამ მხრივ ლიდერობენ გერმანია და დიდი ბრიტანეთი - გერმანიაში გაყიდვები 43%-ით, ხოლო დიდ ბრიტანეთში - 32%-ით გაიზარდა. თუმცა საფრანგეთმა ივლისში წლიურად მხოლოდ 9%-იანი ზრდა დააფიქსირა,
სიტუაციის გამოსწორების მიზნით, საფრანგეთი 30 სექტემბრიდან დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის ელექტრომობილების ლიზინგის პროგრამას აახლებს, რომლის მიზანია 50 000-ზე მეტი შენაძენის მხარდაჭერა.
ამასობაში, იტალიაში 2025 წელს, დაახლოებით 700 მილიონი დოლარის ოდენობის ახალი სტიმულების წყალობით, ელექტრომობილების გაყიდვები 40%-ით გაიზარდა და ქვეყანა სწრაფად ეწევა მეზობლებს. იტალიაში ელექტრომობილების ბაზრის წილი ამჟამად 11%-ს შეადგენს, გერმანიაში ეს მაჩვენებელი 27%-ია, ხოლო დიდ ბრიტანეთში - 30%-ზე მეტი.
აღნიშნულ სტატისტიკას მკვეთრად ჩამორჩება ჩრდილოეთ ამერიკა, სადაც ელექტრომობილების რეალიზაციის წილი მხოლოდ 2%-ით არის გაზრდილი. აშშ-ში ეს ნაწილობრივ პოლიტიკური გაურკვევლობითა და ტარიფებით არის განპირობებული. ავტომწარმოებლებმა მეორე კვარტალში მრავალმილიარდიანი ზარალი განიცადეს, თუმცა ეს ნაწილობრივ ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების კრედიტების შესაძენად მოთხოვნების შემცირებით კომპენსირდა. მიუხედავად ამისა, მესამე კვარტალში სექტორი გაყიდვების ზრდის მოლოდინშია.

[გრაფიკა: Rho Motion]




























