საქსტატის მონაცემებით, ივლისში მშენებლობა, როგორც თვის, ისე წლის ჭრილში გაძვირდა.
კერძოდ, ივლისში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.9%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მიზეზებს, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 5.4%-იანი ზრდით, რამაც 1.06 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.
წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი კიდევ უფრო მეტად, 7.8%-ით გაიზარდა. ამ შემთხვევაშიც, ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 24.5%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 3.3%-იანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 4.65 და 1.95 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 18.3%-ით.