სპილენძის მადნები და კონცენტრატები 2024 წლის ივლისში სპილენძის ფასი თვიურად 3.7%-ით შემცირდა და 1 ტონის ღირებულება 9 102 დოლარი გახდა. ღირებულება წლიურად 7.5%-ით არის გაზრდილი.
Galt & Taggart-ის ნედლეულის ბაზრის ივლისის თვის მიმოხილვის მიხედვით, მაისის რეკორდული ნიშნულიდან ფასები თითქმის 20%-ითაა შემცირებული. მიმოხილვის ავტორები სპილენძის მადნების გაიაფების მიზეზებს განმარტავენ:
„მას შემდეგ ჩინეთის ეკონომიკის მოლოდინები გაუარესდა, მთავრობამ საკმარისად ვერ შეძლო ადგილობრივი ბაზრის გამოცოცხლება, რამაც სპილენძის ინვესტორებს 20 მლრდ აშშ დოლარის ყიდვის პოზიციების დახურვისკენ უბიძგა. დამატებით, აქტივების გლობალური გაყიდვები, რაც აშშ-ში რეცესიის შიშებმა და ტექ-სექტორის (სპილენძის მსხვილი მომხმარებლის) სისუსტემ გამოიწვია, ფასებზე მოკლევადიან პერიოდში, სავარაუდოდ, უარყოფითად იმოქმედებს. მეორეს მხრივ, ფედერალური რეზერვის მიერ განაკვეთების კლება ინდუსტრიულ აქტივობას გაზრდის, რაც სპილენძის მოთხოვნაშიც უნდა ითარგმნოს“, - ნათქვამია მიმოხილვაში.
უნდა აღინიშნოს, რომ სპილენძის მადნები საქართველოსთვის წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო საქონელი იყო, თუმცა 2023 წელს იმპორტ-ექსპორტის შემცირების შედეგად უმსხვილესის საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში სპილენძის მადნებს აღარ ვხვდებით. უფრო მეტიც საქართველოდან სპილენძის მადნების იმპორტ-ექსპორტი რეკორდულად შემცირდა.
2024 წლის პირველ ნახევარში საქართველომ სპილენძის მადნების ექსპორტით სულ 29 მილიონის შემოსავალი მიიღო და 13 908 ტონა მადანი გაყიდა. მაშინ 2023 წელს ამავე პერიოდში ექსპორტის ღირებულება 341 მილიონს აღემატებოდა, მოცულობა 169 ათას ტონას, ხოლო 2022 წლის ექვს თვეში ქვეყანამ 210 497 ტონის ექსპორტით $533 მილიონის შემოსავალი მიიღო.
ექსპორტიორების განმარტავენ, რომ სპილენძის მადნების იმპორტ-ექსპორტის შემცირებაზე ზეგავლენას შავი ზღვის აუზში არსებული მძიმე ვითარება და რეგიონში მიმდინარე ომები ახდენს, კონკრეტულად კი რუსეთ-უკრაინის და ყარაბაღის ომები.