25 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ტურიზმის სრული გახსნა ერთი თვით გადაავადა, შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში რეგულარული საჰაერო რეისები არ შესრულდება. 2019 წლის ივლისში საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული მოცულობის - $395.4 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2020 წლის ივლისში კი დახურული საზღვრების გათვალისწინებით, სექტორის შემოსავალი წლიურ ჭრილში 85%-90%-ით შემცირდება, რაც $336-356 მილიონი დოლარის შემცირებას ნიშნავს.
მსგავსი პროგნოზი აქვს TBC Research-საც, რომლის მიხედვითაც, ტურიზმის გახსნის გადავადებამდე ივლისში სექტორის შემოსავლების შემცირება წლიურად 70%-ზე იყო ნავარაუდევი, თუმცა გახსნის გადავადების შემდეგ შემცირების პროგნოზი 90%-მდე არის გაზრდილი.
2019 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული მოცულობის თანხა - $3.269 მილიარდი დოლარი მიიღო. TBC Research-ის მიერ ტურიზმის გახსნის გადავადებამდე გაკეთებული პროგნოზით, წელს სექტორის შემოსავლის 65%-ით, ანუ 2.124 მილიარდით შემცირება იყო ნავარაუდევი, თუმცა, საზღვრების გახსნის აგვისტომდე გადავადებით, სექტორის შემოსავალი წლიურ ჭრილში 75%-ით, ანუ $2.451 მილიარდი დოლარით შემცირდება.
მაისში საქართველოში სულ 36,358 საერთაშორისო ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 2019 წელთან შედარებით 95%-ით ნაკლებია. სექტორის შემოსავალმა კი მხოლოდ $9.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც სებ-ის ინფორმაციით, წლიურ ჭრილში 97%-ით არის შემცირებული.
ბოლო 12 თვის განმავლობაში საქართველოს შემოსავალი საერთაშორისო ტურიზმიდან ასეთი იყო:
● 2019 მაისი - 270.4 მილიონი დოლარი;
● 2019 ივნისი - 340.0 მილიონი დოლარი;
● 2019 ივლისი - 395.4 მილიონი დოლარი;
● 2019 აგვისტო - 412.8 მილიონი დოლარი;
● 2019 სექტემბერი - 318.6 მილიონი დოლარი;
● 2019 ოქტომბერი - 266.9 მილიონი დოლარი;
● 2019 ნოემბერი - 201.7 მილიონი დოლარი;
● 2019 დეკემბერი - 217.2 მილიონი დოლარი;
● 2020 იანვარი - 193.4 მილიონი დოლარი;
● 2020 თებერვალი - 160.5 მილიონი დოლარი;
● 2020 მარტი - 73.8 მილიონი დოლარი;
● 2020 აპრილი - 8.5 მილიონი დოლარი;
● 2020 მაისი - 9.1 მილიონი დოლარი.