კახეთში მდებარე სასტუმრო „ესკიზმა“ ივნისი 83%-იანი დატვირთვით დაასრულა, - ამის შესახებ სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელმა ნია პატარაშვილმა BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა.
მისი თქმით, კახეთში ტურისტული სეზონი აქტიურდება და მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილური ამინდების გამო სეზონის პიკმა მცირედით გადაიწია, სასტუმრომ მაღალი დატვირთვის შენარჩუნება შეძლო.
„მაისიდან უკვე ძალიან ბევრი სტუმარი გვყავს. ძირითადად ადგილობრივი დამსვენებელი, ქართველი აუდიტორია გვყავს და შაბათ-კვირა სრულად დატვირთულია. ამინდებმა ცოტა გაგვაწვალა და სეზონიც გარკვეულწილად გადაიწია, თუმცა ვცდილობთ, პოზიტიური დინამიკა შევინარჩუნოთ“, – განაცხადა ნია პატარაშვილმა.
მისი განმარტებით, ივნისში სასტუმროს დატვირთვამ 83% შეადგინა, თუმცა სამუშაო დღეებში მოთხოვნის გასაზრდელად სპეციალური შეთავაზებებისა და სხვადასხვა აქტივობების ამოქმედება გახდა საჭირო.
"როდესაც სამუშაო დღეებში დატვირთვა შედარებით ნაკლები იყო, გავაკეთეთ სხვადასხვა შეთავაზება და აქციები ჩვენი მომხმარებლებისთვის. დღეს დასვენების დაგეგმვისას ბიუჯეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია და მცირე შეღავათიც ხშირად გადაწყვეტილებაზე მოქმედებს“, - აღნიშნა მან.
როგორც სასტუმროს მარკეტინგის ხელმძღვანელი ამბობს, სტუმრების ინტერესის შესანარჩუნებლად „ესკიზი“ ყოველ შაბათ-კვირას მუსიკალურ საღამოებსა და სხვადასხვა გასართობ აქტივობას სთავაზობს დამსვენებლებს.
„გვინდა, რომ სტუმრობა მხოლოდ განთავსებით არ შემოიფარგლოს. ამიტომ ყოველ ვიქენდზე ვაკეთებთ სხვადასხვა აქტივობას, მუსიკალურ საღამოებს, რათა სტუმრებისთვის ეს დრო უფრო დასამახსოვრებელი იყოს. შესაბამისად, აგვისტოს ვიქენდები სრულად დატვირთულია, შემოდგომისთვისაც უკვე გვაქვს გარკვეული ჯავშნები. დაახლოებით 70%-იან დატვირთვაზე ვართ ყოველ შაბათ-კვირას“, – აღნიშნა მან.
მისივე თქმით, სასტუმროს სტუმრების დაახლოებით 80% ქართველია, თუმცა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობაც იზრდება. განსაკუთრებით გააქტიურდა გერმანიის ბაზარი, ასევე მოთხოვნა ფიქსირდება იტალიიდან, პოლონეთიდან და ჩინეთიდან.
„ძალიან გვახარებს ქართველი აუდიტორიის აქტიურობა. ამასთან, გვაქვს მოთხოვნა ევროპის ქვეყნებიდანაც - განსაკუთრებით გერმანიიდან, ასევე იტალიიდან და პოლონეთიდან. ჩინეთის ბაზარიც დაინტერესებულია კახეთის რეგიონით და ისეთი ობიექტებით, სადაც სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებაა შესაძლებელი“, - განაცხადა ნია პატარაშვილმა.
მისი შეფასებით, უცხოური ბაზრების გააქტიურებაში მნიშვნელოვანი როლი ციფრულმა მარკეტინგმა და უცხოელ ინფლუენსერებთან თანამშრომლობამ ითამაშა.
„სეზონის დაწყებამდე სხვადასხვა ქვეყნის ინფლუენსერები გვყავდა სტუმრად, მათ შორის გერმანიიდან და ნორვეგიიდან. მათ მიერ სოციალურ ქსელებში გაზიარებულმა მასალამ, ვფიქრობთ, ახალი აუდიტორიის დაინტერესება მნიშვნელოვნად გაზარდა“, - აღნიშნა მან.
მიუხედავად იმისა, რომ სასტუმროების სექტორში ფასების ზრდის ტენდენცია შეინიშნება, „ესკიზში“ აცხადებენ, რომ გასულ წელთან შედარებით ტარიფები არ გაუზრდიათ.
„ჩვენ 57-ნომრიანი ბუტიკ სასტუმრო ვართ და გვინდა, მომხმარებელი შევინარჩუნოთ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ფასები უცვლელი დაგვეტოვებინა და საჭიროების შემთხვევაში სამუშაო დღეებში სხვადასხვა შეთავაზება გაგვეკეთებინა“, – განმარტა ნია პატარაშვილმა.
რაც შეეხება გამოწვევას, მისივე თქმით, კახეთის სასტუმრო სექტორის მთავარ გამოწვევად კვლავ სეზონურობა და გაზრდილი კონკურენცია რჩება, თუმცა „ესკიზი“ ოთხივე სეზონზე აქტიური მუშაობის სტრატეგიას ინარჩუნებს.
„კახეთი უკვე აღარ არის მხოლოდ ღვინის რეგიონი. აქ ძალიან ბევრი განსხვავებული გამოცდილების მიღებაა შესაძლებელი და ჩვენი მიზანია, სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში შევთავაზოთ საინტერესო გარემო“, – განაცხადა ნია პატარაშვილმა.




























