მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ივნისში დატვირთვა არის, თუმცა - დაბალი“ - სასტუმრო „ფოსტას" მოლოდინები

5ee9eaa81a605
ვიქტორია მღებრიშვილი
17.06.20 18:55
1661
"ჯერჯერობით, ალბათ მოსახლეობაში შიში მაინც არის, რადგან ჯავშნები კეთდება, თუმცა დადასტურებული ჯავშნები არ გვაქვს", - ამის შესახებ BM.GE-ს მესტიის ერთ-ერთი სასტუმროს „ფოსტას“ გენერალურმა მენეჯერმა თათია დევდარიანმა განუცხადა.

მისი თქმით, სასტუმრომ არსებული რეკომენდაციების დაკმაყოფილება მარტივად შეძლო და ყველა წესის დაცვით გაიხსნა.

„პანდემიის პერიოდში სასტუმრო სტუმრებს არ იღებდა, თუმცა თანამშრომლები არ გაგვიშვია და რესტორნიდან გამომდინარე, სრულად გადავერთეთ მიტანის სერვისზე. იმ დღიდან, როდესაც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა შეიცვალა, მაშინვე მივიღეთ ზომები - შევიძინეთ დეზობარიერები, სადეზინფექციო ხსნარები და თავიდანვე დავიცავით უსაფრთხოების ნორმები.
10 ივნისს გავიხსენით და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ მოთხოვნებთან ადაპტირება და გათვალისწინება არ გაგვჭირვებია. ყველა წესის და ნორმის დაცვით ავმოქმედდით“, - ამბობს თათია დევდარიანი.

სასტუმროს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მდგომარებიდან გამომდინარე განთავსების ფასები 40%-ით შეამცირეს, თუმცა ივნისში სასტუმროს დატვირთვა დაბალია.

„რაც შეეხება სასტუმროში განთავსების მსურველთა მოთხოვნას, ის ისეთი არ არის, როგორც ეს პანდემიამდე და საერთაშორისო ტურიზმის პირობებში გვქონდა, ივნისში დატვირთვა არის, თუმცა დაბალი, მაგრამ ივლისში ველოდებით უფრო მეტად ჯავშნების გაკეთებას.  ჯერჯერობით, ალბათ მოსახლეობაში შიში მაინც არის, რადგან ჯავშნები კეთდება, თუმცა დადასტურებული ჯავშნები არაა. ახლა 40%-იანი ფასდაკლება გვაქვს - 2 ადგილიანი ნომრები, რომლის ღირებულება 410 ლარი იყო, ახლა 250 ლარია, ხოლო 300 ლარიანი ნომრების ღირებულება 200 ლარია და ამაში შედის საუზმეც“, - ამბობს „ფოსტას“ გენერალური მენეჯერი.

თათია დევდარიანი იმედოვნებს, რომ ივლისიდან სასტუმროს სრულად დატვირთვას შეძლებენ.

„5 თვის წინ აბსოლუტურად ყველა კითხვაზე შემეძლო პასუხის გაცემა, თუმცა დღეს ალბათ ყველა გაურკვევლობაშია. სასტუმროს გაფართოება ჩვენ 1 წლის წინ დავგეგმეთ და ზუსტად ვიცოდით, რომ 2020 წლის ზაფხულში გვექნებოდა სტუმრების მისაღებად დამატებითი სივრცეები. ამასთან, იმდენად დიდი იყო მოთხოვნა ჩვენს სასტუმროზე, რომ გაუხსნელ სასტუმროზეც ვიღებდი ჯავშნებს, თუმცა დღეს უცხოელებიდან, შეტყობინებები მხოლოდ გაუქმებებზე მოდის. იშვიათად თუ გამოჩნდება ჯავშნები ადგილობრივი ტუროპერატორებიდან, თუმცა ჯერ არსებული 20-ნომრიანი სასტუმროც არ არის სრულად დაჯავშნილი. დღეს მხოლოდ და მხოლოდ ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, - აცხადებს „ფოსტას“ ხელმძღვანელი.

მისი თქმით, „სვანეთის სასტუმრო ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა რეგულაციების სრულყოფილად დაცვა და რეგიონში ვირუსის გავრცელების თავიდან არიდებაა, ვინაიდან სვანეთი დღემდე რჩება ვირუსისგან თავისუფალ მწვანე რეგიონად“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები