ივნისში გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია და ვფიქრობთ, რომ ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი კიდევ გაიზრდება, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მთავრობის ამოცანაა, „შარშანდელზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ვაჩვენოთ“.
„ჩვენ წელს გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური მონაცემები. ეკონომიკური ზრდის ხუთი თვის საშუალო მაჩვენებელი არის 9.3%, ივნისშიც გვაქვს ძალიან კარგი ტენდენცია და ვფიქრობთ, რომ საშუალო მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს“, - განაცხადა პრემიერმა.
მისივე თქმით, საქართველოს სხვა ფისკალური მაჩვენებლების კუთხითაც კარგი ვითარება აქვს.
„რაც შეეხება ფისკალურ კონსოლიდაციას, აქაც გვაქვს ძალიან კარგი ვითარება, ინფლაციის ძალიან დაბალი მაჩვენებელი გვაქვს მიმდინარე წელს, საგარეო ვალის მაჩვენებელი არის ოპტიმალური ზღვრის ფარგლებში, ასევე, საბიუჯეტო დეფიციტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ყველაფერი არის ზღვრების ფარგლებში და მივყვებით იმ პოლიტიკას, რომელიც უზრუნველყოფს ფისკალური კონსოლიდაციის მაღალ დონეს და ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს. შეგახსენებთ, რომ ამ ყველაფერმა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტით მოგვცა ბიუჯეტის ზრდის საშუალება წელს. გვაქვს კარგი ტენდენციები, მთავარია შევინარჩუნოთ ეს ტენდენციები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის მაისში, საქართველოს ეკონომიკა 9.2%-ით გაიზარდა, ხოლო 2024 წლის პირველი ხუთი თვის საშუალო ზრდა 9.3%-ია. მაისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება.
ცნობისთვის, მსოფლიო ბანკმა გლობალური ეკონომიკური პროგნოზი განაახლა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკა წელს 4.8%-ის ნაცვლად 5.2%-ით გაიზრდება. მსოფლიო ბანკი საქართველოსთან მიმართებით შედარებით უფრო კონსერვატიულ პროგნოზს ინარჩუნებს, ვიდრე საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც მარტში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.8%-დან 5.7%-მდე გაზარდა. პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს მთავრობამაც, რომელიც 2024 წელს ქვეყანაში 5.2%-ის ნაცვლად 6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.