მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში კომპანიების მიერ გადახდილი მოგების გადასახადი 56%-ით შემცირდა

5f15bd9e0a9ba
შოთა ტყეშელაშვილი
21.07.20 10:40
944
COVID-19-ის კრიზისის გამო, ქვეყანაში კერძო ბიზნესის მოგების მაჩვენებელი შემცირდა. სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედმა ბიზნესებმა მოგების გადასახადის სახით 32.6 მილიონი ლარი გადაიხადეს, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 42.1 მილიონი ლარით ანუ 56%-ით ნაკლებია.

გასული თვის განმავლობაში მოგების გადასახადის მსგავსად შემცირდა დღგ-ისა და საშემოსავლოდან მიღებული შემოსავალიც:

გასული თვის განმავლობაში ქვეყანაში დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობამ 37.75 მილიონი ლარით ანუ 11.4%-ით იკლო და მხოლოდ 294.2 მილიონი ლარი შეადგინა.

დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა ქვეყანაში ბიზნეს სექტორის ბრუნვასთან პირდაპირ არის დაკავშირებული, წლიურ ჭრილში მისი 11.4%-ით შემცირება კი, ივნისში ეკონომიკური აქტივობის მკვეთრ ვარდნაზე მეტყველებს. 

სწორედ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვას ეფუძნება საქსტატის შეფასება ყოველთვიური ეკონომიკური ზრდის შესახებ. მაისში ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნა 13.5%-ს შეადგენდა, ივნისის ეკონომიკური ზრდის შესახებ კი, 31 ივლისს გახდება ცნობილი. სავარაუდოდ, დღგ-ის 11.4%-იანი შემცირების გამო, ივნისის ეკონომიკური ვარდნის მაჩვენებელი არ იქნება ისეთივე დრამატული, როგორც ეს მაისში იყო.

ივნისში ბიუჯეტის შემოსავლმა საშემოსავლო გადასახადიდან 197 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17.4%-ით ნაკლებია. შესაბამისად, საშემოსავლო გადასახადების კლება ქვეყანაში გაცემული ხელფასების მოცულობის შემცირებაზე მიანიშნებს.

საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი ქვეყანაში 20%-ია და მას ძირითადად კონტრაქტით დასაქმებული პირები იხდიან. COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის გამო, ფინანსთა სამინისტროს 200-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად უკვე ათასმა ადამიანმა მიმართა, შესაბამისად მათ ხელფასის სახით არსებული შემოსავალი დაკარგეს. საშემოსავლო გადასახადის მოცულობის შემცირებაზე კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებს, რაც კერძო სექტორისთვის 750 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავსუფლება და 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადიდან ნაწილობრივ გათავისუფლებას გულისხმობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები