ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის საგადასახადო შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტში გადასახადებიდან მობილიზებულმა თანხამ 14.88 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც დაგეგმილზე 755 მილიონი ლარით, ანუ 5.3%-ით მეტი იყო. ბიუჯეტის შემოსავლების მატება უკავშირდება როგორც დღგ-ის, ასევე საშემოსავლო, მოგებისა და აქციზის გადასახადების მეტობით შესრულებას. მთლიანად შედეგები გადასახადების მიხედვით ასე ნაწილდება:
2024 წლის ბიუჯეტის საგადასახადო შესრულება 9 თვის მდგომარეობით:
- დამატებული ღირებულების გადასახადი - 5.58 მილიარდი ლარი, გადაჭარბება გეგმასთან 202 მლნ, 3.8%;
- საშემოსავლო გადასახადი - 4.94 მილიარდი ლარი, გადაჭარბება გეგმასთან 184 მილიონი ლარი, 3.9%;
- მოგების გადასახადი - 2.49 მილიარდი ლარი, გადაჭარბება გეგმასთან 259 მილიონი ლარი, 11.6%;
- აქციზის გადასახადი - 1.83 მილიარდი ლარი, გადაჭარბება გეგმასთან 161 მილიონი ლარი, 9.6%.
რაც შეეხება ბიუჯეტის შემოსავლების სხვა წყაროებს, პრივატიზაციიდან ცენტრალურ ბიუჯეტში 181.7 მილიონი ლარი შევიდა, რაც 9 თვის გეგმით გათვალისწინებულზე 63.7%-ით მეტი იყო.
ვალდებულებების ზრდის კუთხით კი ბიუჯეტმა 1.02 მილიარდის შიდა ვალი აიღო ადგილობრივი სახაზინო ობლიგაციების და სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით, ხოლო 1.31 მილიარდი ლარი კი ახალ საგარეო ვალებს წარმოადგენდა.