სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ივნისში საარსებო შემწეობას 584 137 (146 996 ოჯახი) პირი იღებდა, აქედან 183 691 ადამიანი დასაქმების სახელმწიფო პროგრამის მოსარგებლეა, რომელიც მიმდინარე წლიდან გაჩერდა, რაც ნიშნავს, რომ პროგრამას ახალი ბენეფიციარები აღარ ემატებიან.
მაისთან შედარებით შემწეობის მიმღებთა კლება 20 896-ს შეადგენს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სისტემა ამდენმა ადამიანმა დატოვა, რადგან მათგან ნაწილს შესაძლოა, სოციალური მომსახურების სააგენტო ამოწმებდეს და ამიტომ აღარ ირიცხებიან ივნისის სტატისტიკაში.
თუმცა სახელმწიფოს სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმება აქტიურად აქვს დაწყებული და როგორც პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, წლის ბოლომდე კიდევ 65 ათასი ოჯახის სოციალური სტატუსის შემოწმება იგეგმება.
კობახიძის წლიური ანგარიშის მიხედვით, წელს შემწეობა 22 707 ოჯახს უკვე შეუწყდა. კერძოდ, 5 თვეში სახელმწიფომ 40 ათასზე მეტი ოჯახი გადაამოწმა და ნახევარზე მეტს დახმარება მოუხსნა, რითაც, როგორც კობახიძე ამბობს, 55 მლნ ლარამდე დაიზოგა.
"წლის ბოლომდე დაგეგმილია დაახლოებით 65 ათასი ოჯახის მონაცემების გადახედვა. თუ ავიღებთ არსებულ ტენდენციას სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის ეკონომია 75 მლნ ლარი იქნება. თუმცა ამის შემდეგაც გაგრძელდება პროცესები. ახლა ოჯახები შერჩეულია კონკრეტული კრიტერიუმით, ხოლო შემდეგმა გადამოწმებამ ყველა ოჯახი უნდა მოიცვას", - განაცხადა კობახიძემ.
ვრცლად ამ თემაზე: "წლის ბოლომდე 65 000 ოჯახის გადამოწმებაა დაგეგმილი"|რატომ შეუმცირდა ათასობით ოჯახს სოცდახმარება?




























