მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ივნისში თბილისში 3 940 ბინა გაიყიდა - რომელ უბნებზე იზრდება მოთხოვნა Galt&Taggart-ის მიხედვით?

64ae5d57b6113
ვიქტორია მღებრიშვილი
12.07.23 11:56
10998
საინვესტიციო კომპანია Galt & Taggart-მა თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ივნისის თვის მიმოხილვა წარმოადგინა, რომლის მიხედვით გასული წლის ივნისთან შედარებით 1.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

განახლებული მიმოხილვის მიხედვით, 2023 წლის ივნისში თბილისში 3 940 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 1.4%, თვიურად კი 8.0%-იანი ზრდაა.

„ამ ზრდის წარმმართველი პირველად ბაზარზე (დეველოპერებისგან) ბინების გაყიდვები იყო, სადაც 1,830 ბინა გაიყიდა (+18.8% წ/წ). წინა თვის მსგავსად კლება გაგრძელდა მეორად ბაზარზე როგორც ახალაშენებული (2013 წლიდან ექსპლუატაციაში მიღებული ბინები), ისე ძველი ბინების გაყიდვებში, შესაბამისად -5.7% წ/წ და -12.8% წ/წ“, - განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.

ამასთან, ივნისში გაყიდვების ზრდაში ყველაზე დიდი კონტრიბუცია შემდეგი უბნების გაყიდვებმა შეიტანა: სამგორი (+23.6% წ/წ), დიდი დიღომი (+25.2% წ/წ) და დიდუბე (+28.0% წ/წ). აღსანიშნია, ისიც, რომ ივნისში საბურთალოსა და ვაკეში ბინების გაყიდვები მნიშვნელოვნად წლიურად 21.6% და 27.1%-ით შემცირდა.

ბაზრის სხვა ძირითადი მახასიათებლები კი უცვლელი დარჩა - გაყიდვებში ყველაზე მაღალი წილი დაფიქსირდა საშუალო ზომის ბინებსა (51-80 მ2) და საშუალო/მაღალი კლასის სეგმენტებში ($801 - 1,800).

რაც შეეხება ფასებს, ივნისში, ფასები (აშშ დოლარში) ყველაზე მეტად პირველად ბაზარზე, ანუ დეველოპერების მიერ გაყიდულ პროექტებში გაიზარდა და წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით ზრდამ 28% შეადგინა. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს გარემოება მეორად ბაზარზე ფასების ზრდის მოლოდინებს ქმნის. ამასთან, ფასების ყველაზე დიდი ზრდა დიდუბესა (+41.0% წ/წ) და ნაძალადევში (+31.8% წ/წ) დაფიქსირდა.

სეგმენტების მიხედვით ბინების ფასი ივნისში შემდეგნაირი იყო:

პრემიუმ სეგმენტი - 1801-დან 3000 დოლარამდე; ამ სეგმენტს გაყიდვების 5.6% ეკავა;
მაღალი - 1201-დან 1800 დოლარამდე; ამ სეგმენტს 16%;
საშუალო - 801-დან 1200 დოლარამდე; ამ სეგმენტს 33.1%
ბიუჯეტური - 501-დან 800 დოლარამდე. ამ სეგმენტს 45.2%.

2023 წლის ივნისში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა წლიურად 7.2%-ით გაიზარდა და 253.6 მლნ დოლარი შეადგინა, რაზეც ყველაზე დიდი გავლენა პირველად ბაზარზე დეველოპერების გაყიდვებს (+18.2 წ/წ) ჰქონდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები