თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დაფიქსირდა შემთხვევები, როცა მიკროავტობუსის მძღოლებმა მგზავრებს არ გაუჩერეს, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტში ადგილი იყო. როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე თქვა, მსგავსი ნაბიჯები მიუღებელია. თბილისის მერი ამბობს, რომ მიკროავტობუსების მძღოლების მონიტორინგი მიმდინარეობს და სამომავლოდაც გაგრძელდება. კალაძემ მოქალაქეებს მსგავსი შემთხვევების გამეორების შემთხვევაში თბილისის მერიის ცხელ ხაზზე დარეკვისკენ მოუწოდა.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრობის მხრიდან ხშირად შემოდის ზარები და წერილები, რომ მიკროავტობუსები მგზავრებს არ უჩერებენ. შესაძლოა, ეს გამოწვეული იყოს სატრანსპორტო საშუალებებში ადგილების არარსებობით და ამიტომ არ აჩერებდეს მძღოლი, თუმცა ჩვენ არ უარვყოფთ, რომ თვითნებობის შემთხვევებიც ფიქსირდება.
გვქონდა ასეთი შემთხვევები. ჩვენ ყოველთვის ვატარებთ მონიტორინგს და იყო შემთხვევები, როდესაც მიკროავტობუსში იყო ადგილები და მიკროავტობუსის მძღოლი მგზავრს არ უჩერებდა, აბსოლუტურად გაუგებარია და მიუღებელია ეს დამოკიდებულება და მიდგომა მიკროავტობუსის მძღოლების მხრიდან. დღეისთვის 200-ზე მეტი მძღოლია დაჯარიმებული. მონიტორინგი გაგრძელდება.
მივმართავ მგზავრებს, ვისაც ასეთი შემთხვევა გექნებათ აუცილებლად დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე და მერწმუნეთ, ამას ყოველთვის მოჰყვება რეაგირება ჩვენი მხრიდან“, - განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მიკროავტობუსის მძღოლები ფიქსირებულ ხელფასზე არიან გადაყვანილნი.