კაპიტალის ბაზრის ექსპერტი მარინა გულედანი საკუთარ Facebook-ზე აქვეყნებს პოსტს, რომელშიც ის აღწერს თუ რა იქნება ის ეკონომიკური ფასი, რომელსაც საქართველო გადაიხდის იმ შემთხვევაში თუკი საგარეო ვექტორის ცვლილებასთან დაკავშირებით ხელისუფლების არსებული პოლიტიკა შენარჩუნდება.
გულედანის განმარტებით, დასავლეთთან მკაფიო დაპირისპირება ნიშნავს იმას, რომ ეკონომიკა დაკარგავს წვდომას მთელ რიგ პროგრამებსა და დაფინანსების მექანიზმებზე, რომლებიც კრიტიკულად აუცილებელია, რათა ქვეყანამ განვითარება შეძლოს.
"არამარტო განცხადებებით, არამედ მთელი რიგი ქმედებებით ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლებას საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ქვეყანა დასავლეთისგან იზოლაციისკენ მიჰყავს. ეს არ არის დროებითი მანევრი და ამას ყველა მისი ქმედება თუ განცხადება ადასტურებს. მაგალითად ეროვნულმა ბანკმა რამდენიმე თვის წინ რეზერვების ნაწილით ოქრო შეიძინა, ვინაიდან საშუალოვადიან პერსპექტივაში უშვებს უფრო მკაცრი და მომცველი სანქციების ალბათობას, რის შედეგადაც შესაძლოა დოლარზე, როგორც სარეზერვო ვალუტაზე, წვდომა შეეზღუდება. ანაკლიის პროექტს ნაცვლად დასავლური კაპიტალისა, ჩინური კაპიტალი დააფინანსებს. მიმდინარეობს აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების უგულებელყოფა. სია გრძელია.
ჩვენი მოქალაქეების იმ ნაწილს, რომელიც არ არის ღირებულებით დისონანსში ქართულ ოცნებასთან შესაძლოა მიაჩნდეს, რომ საგარეო პოლიტიკის ვექტორის ასეთი მკვეთრი ცვლილება ეკონომიკურად შეიძლება სულაც არ არის ცუდი საქართველოსთვის. სხვა სიტყვებით, ვერ აიდენტიფიცირებს ასეთი ცვლილებების შემხებლობას საკუთარ კეთილდღეობასთან.
ამ პოსტით მინდა ავხსნა, თუ რატომ არის ჩვენი ეკონომიკისთვის და თითოეული მოქალაქისთვის ეს კრიტიკულად მიუღებელი და საშიში.
დასავლეთის მხარდაჭერას და დასავლურ ფინანსურ ბაზრებთან წვდომას აქვს ერთი ფუნდამენტური და განმასხვავებელი მახასიათებელი: მას მოჰყვება ის მიზნობრიობა, რომელიც არასდროს არ ახლავს თან ისეთი ქვეყნების კაპიტალს, როგორიც არის ჩინეთი, ან თუნდაც რუსეთი. საკმარისია შევხედოთ ამ ქვეყნების მართვის ფილოსოფიას, რომ შესაბამისი დასკვნა გავაკეთოთ. ჩვენ არ ვართ ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა და ყველაზე დიდი სიმდიდრე ჩვენი მოქალაქეებია. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ისეთი ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომლის პირობებშიც კეთილდღეობა და სიმდიდრე, რომელიც ეკონომიკური ზრდის შედეგად აგრეგირდება, მაქსიმალურად გადანაწილდება ჩვენს მოქალაქეებზე. სწორედ ასეთია ინკლუზიური ეკონომიკა. ასეთ დროს სახელმწიფო შესაბამისი პოლიტიკის გატარებით სოციალურად დაუცველ და მოწყვლად ჯგუფებს, პარალელურად მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისა, შესაბამისი პროგრამებით უჭერს მხარს. ცხადია, საბიუჯეტო შეზღუდვების პირობებში ეს მუდმივად მოითხოვს პრიორიტეტების გადასინჯვას, რადგან რესურსი ყველაფერს არ ყოფნის. ამ ჩავარდნის/სიცარიელის აღმოფხვრაში როგორც წესი ჩვენი დასავლელი პარტნიორები გვეხმარებიან, რაც ბოლო 30 წლის განმავლობაში განხორციელებულ უამრავ პროექტში თუ პირდაპირ დახმარებაში აისახა.
უფრო კონკრეტულად, არსებობს მდგრადი განვითარების მიზნები, რომლებიც მიმართულია სოციალური, ეკონომიკური თუ ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრაზე. ყველა მოწინავე ეკონომიკა ითვალისწინებს ამ მიზნებს, ვინაიდან გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის ეკონომიკური განვითარების და სტაბილურობის უზრუნველყოფის ყველაზე სწორი პოლიტიკა. ყველაზე თვალსაჩინოდ ეს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებშია ასახული, რომელთა არასრული სია ასე გამოიყურება:
- სიღარიბის და შიმშილის აღმოფხვრა
- ხელმისაწვდომი ჯანდაცვა
- ხარისხიანი განათლება
- გენდერული თანასწორობა, შემცირებული უთანასწორობა
- სუფთა წყალი და სანიტარია
- ხელმისაწვდომი და მდგრადი ენერგია
- ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა
- მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა
- მდგრადი ქალაქები და დასახლებები
- მდგრადი მოხმარება და წარმოება
- კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები
- მშვიდობა, სამართლიანობა და ძლიერი ინსტიტუციები
- პარტნიორობა მიზნების მისაღწევად
ჩვენს ქვეყანას თითოეული ეს საკითხი მწვავედ უდგას. ჩვენი დასავლელი პარტნიორები და დასავლური კაპიტალი პირდაპირ თუ ირიბად მიმართულია ამ პრობლემების შემსუბუქებაზე, ვინაიდან პროგრესი ამ თემებთან მიმართებით თანხვედრაშია მშვიდობასთან და საერთო ეკონომიკურ ინტერესებთან. თუ ჩვენ ვიქნებით იზოლაციაში და ვითანამშრომლებთ მხოლოდ ისეთ ქვეყნებთან, რომელთა ინტერესებში არ არის ჩვენი ეკონომიკის მდგრადი განვითარება და ზოგადად ქვეყნის გაძლიერება, ჩვენი მოსახლეობის ინტერესები არ იქნება დაცული. სწორედ ამიტომ არსებული ხელისუფლების პირობებში, ჩვენი მოსახლეობა უფრო გაღარიბდება. შესაძლოა გაურკვეველი და სანქცირებული კაპიტალი შემოვიდეს ქვეყანაში, მაგრამ კორუფცია გაღრმავდება და ჩვენი მოქალაქეები ვერ იგრძნობენ კეთილდღეობას საკუთარ ოჯახებში. პარალელურად, „რუსული კანონის“ ფონზე სამოქალაქო საზოგადოება შესუსტდება და აღარ იარსებებს ის დამცავი ფენა, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს და საზოგადოების ყურადღებას ამახვილებს, ანგარიშვალდებულების ეს რბილი ფორმა უბრალოდ ჩამოიშლება", - აღნიშნავს გულედანი.