მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იზოლაციონიზმის გზას ვადგავართ, რომელიც ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს - ირინა გურული

ირინა გურული

„ფაქტობრივად, იზოლაციონიზმის გზას ვადგავართ, რომელიც ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს“ - ამის შესახებ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა გურულმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა.

მისი აზრით, დღეს, საქართველოს განვითარებისთვის ყველაზე მეტად ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნება და რეფორმების გაგრძელება სჭირდება.

„წერტილი უნდა დავუსვათ ევროპული გზიდან გადახვევას“ - ამბობს ირინა გურული.

"წერტილთან“ ინტერვიუში EPRC-ის დირექტორის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა იმ მხარდამჭერ მექანიზმებზე, მათ შორის DCFTA-ის შეთანხმებით და ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებზე, რომელსაც ევროინტეგრაციის გზაზე მყოფი საქართველო იღებდა, მაგრამ დღეს არაერთი პროგრამა შეჩერებულია.

რაც შეეხება გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის იმ განცხადებას, რომლის თანახმად, ევროკომისარი საქართველოსთან DCFTA-ის გადახედვას არ გამორიცხავს, ირინა გურულს აღნიშნული რთულად წარმოუდგენია და თან ამბობს, რომ DCFTA საქართველოსთვის მხოლოდ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება არ იყოს.

„იმ დემოკრატიული უკუსვლის პირობებში, რასაც ვხედავთ წლების განმავლობაში და სახეზეა სახელმწიფოს გეოპოლიტიკური ვექტორის ცვლილება და გადასვლა ევროინტეგრაციის გზიდან, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთის მიმართულებით, გასაკვირი არაფერი არაა, თუმცა დავეთანხმები ნატა საბანაძეს, რომ მისი უკან წაღება შეიძლება რთული პროცესი იყოს.

მეორე მხრივ, მხოლოდ DCFTA-ის შეთანხმების გადახედვა არაა პრობლემა - DCFTA-ით და ასოცირებით აღებული ვალდებულებების შესრულებას უნდა დავეყენებინეთ რეფორმირების და ეკონომიკის მოდერნიზების გზაზე და ამ ძვირფას დროს ვკარგავთ იმაში, რომ ამ წლების მონაპოვარიც გვეცლება ხელიდან... რეალურად, ჩამოვცილდით ასოცირებულ ტრიოს - მოლდოვას და უკრაინას; ისინი უკვე ევროინტეგრაციის სხვა ეტაპზე არიან გადასული და ჩვენ კი, რაც მოვიპოვეთ, იმის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვართ“, - განაცხადა ირინა გურულმა, EPRC-ის დირექტორის მოადგილემ.

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას, დემოკრატიის გაძლიერებასა და ეროვნული უსაფრთხოების გაუმჯობესებას. დეტალური კვლევისა და ანალიზის საფუძველზე ცენტრი ქმნის პოლიტიკის რეკომენდაციებს და ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნის გავრცელებასა და პოლიტიკური ინიციატივების შესახებ დისკუსიის წარმოებას.

EPRC ერთ-ერთია იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, რომელიც "რუსული კანონის" რეესტრში არ დარეგისტრირდა და არც ე.წ. "ქართული FARA"-ში აპირებს რეგისტრაციას.

"მახსენდება, 30-იან წლებში ვინც სისტემას დაემორჩილა და მისცა ჩვენება კოლეგის წინააღმდეგ, რათა თავად გადარჩენილიყო, ვერც ის გადარჩა და მაინც აღმოჩნდა დასახვრეტთა სიაში", - აღნიშნა ირინა გურულმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები