მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იზოლაციური პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოსა და ეკონომიკას - დავით სალარიძე

დავით სალარიძე

"იზოლაციური პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოსა და ეკონომიკას", - ამის შესახებ პირველმა სახალხო დამცველმა, დავით სალარიძემ BMGTV-ს გადაცემაში „ბიზნესის კვირეული“ ისაუბრა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

მისი თქმით, საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში იზოლაციის ტენდენციები მძაფრად შეიმჩნევა, რაც ქვეყნის მომავალს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

„დღევანდელი საქართველოს სახელმწიფო ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილი არის იზოლაცია. ეს სერიოზულად მაწუხებს. რიტორიკა, რომ “ჩვენ ასეთი ევროპა არ გვინდა”, “ასე ევროპაში არ წავალთ”, სინამდვილეში იზოლაციის გზაა და ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის. რა თქმა უნდა, ამ რიტორიკას მხარდამჭერებიც ჰყავს, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოებაშიც”, - აღნიშნა სალარიძემ.

მისივე განმარტებით, მსგავსი მიდგომები ეკონომიკაზე გარდაუვალ უარყოფით გავლენას მოახდენს: „მოდით, თავისუფლები ვიყოთ, დამოუკიდებლები ვიყოთ, ქამრები მოვიჭიროთ - მაგრამ რეალურად, ასეთი პოლიტიკა სახელმწიფოსთვის არ ივარგებს“, - ამბობს ის.

სალარიძე იხსენებს საქართველოს ჩართვას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნის საერთაშორისო აღიარებისთვის ისტორიულად მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენდა. მისი თქმით, საქართველო 1999 წელს გახდა ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი, და მას შემდეგ ამ პლატფორმაზე ქვეყნის მნიშვნელოვანი მონაწილეობა იყო უზრუნველყოფილი.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელშიც ჩვენ 41-ე წევრი ვიყავით, საერთაშორისო აღიარების თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა. იქ ჩვენი ადგილი გვქონდა მნიშვნელოვან პროცესებში, მათ შორის ევროპის სასამართლოში მოსამართლეების არჩევაშიც“, - თქვა მან.

როგორც სალარიძე აცხადებს, ბოლო პერიოდში ევროსაბჭოს ორი შეხვედრა გაიმართა, რომელზედაც საქართველოსთან მიმართებით კრიტიკული რეზოლუციები მიიღეს.

„ორივე შეხვედრაზე ძალიან კატეგორიული რეზოლუცია მიიღეს საქართველოსთან მიმართებით. პირველ შემთხვევაში, ამ დოკუმენტს მხარი 200-ზე მეტმა წარმომადგენელმა დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მინიმუმ ამდენ ქვეყანაში ჩაიტანეს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

დასასრულს, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს საერთაშორისო კავშირების მნიშვნელობას და მოუწოდებს საზოგადოებასა და ხელისუფლებას, არ გააუბრალოონ იზოლაციური მიდგომა.

„იზოლაციურ პოლიტიკაზე სერიოზული რეაგირებაა საჭირო. მისი გაუბრალოება ძალიან ცუდია და აუცილებელია საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაღრმავება, რაც საქართველოსთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია“, - აცხადებს დავით სალარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები