პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერის ფარგლებში დაწყებული ჯარიმებისა და საურავების ამნისტიის პროცესი დასრულდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, შეღავათებით 157-მა კომპანიამ ისარგებლა.
„როგორც მოგეხსენებათ, ორიოდე თვის წინ მივიღეთ გადაწყვეტილება ენერგეტიკული პროექტებისთვის ჯარიმებისა და საურავების პირობით ჩამოწერის შესახებ. ეს პროცესი უკვე დასრულდა. ჯამში, 157 კომპანიას პირობითად ეპატია 1 მილიარდი ლარის ოდენობის ჯარიმა. კომპანიების ნაწილმა შეთავაზებით სარგებლობაზე უარი თქვა, რის გამოც 535 მეგავატის სიმძლავრის პროექტები შეწყდება, თუმცა გაგრძელდება 1500 მეგავატის პროექტების განხორციელება. ბუნებრივია, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკის განვითარებას ახალ იმპულსს მისცემს", - განაცხადა კობახიძე.
გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ენერგეტიკის სექტორში კომპანიებს ჯამში მილიარდი ლარის ჯარიმებს პატიობს, თუმცა გარკვეული დათქმით. ხელახლა აღარ დაარღვიონ ვადები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოწერილი ჯარიმები ისევ აღუდგებათ.
ვრცლად ამ თემაზე: “ენერგოამნისტია” ინვესტორებისთვის - ვის შეეხება მთავრობის გადაწყვეტილება?




























