ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდა.
როგორც bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.
„საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს.
იმსჯელეს კოვიდ პანდემიის მართვის საკითხებზე და მომდევნო კვირაში, მსოფლიო ბანკის ცენტრალურ ოფისთან ონალინ შეხვედრაც ჩაინიშნა, სადაც მხარეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ“, - ნათქვამია სამინისტროს პრეს-რელიზში.
13 იანვარს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა. მინისტრმა ცენტრის გენერალურ დირექტორთან ამირან გამყრელიძესთან შეხვედრა გამართა და კოვიდის ახალი შტამის, ომიკრონის გავრცელებასთან დაკავშირებით პროგნოზები პირადად მოისმინა.
5 იანვარს კი, ზურაბ აზარაშვილი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს ეწვია, ადმინისტრაციის შენობა დაათვალიერა და თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ის თანამშრომლების სამუშაო გარემოს პირადად გაეცნო. ისაუბრეს მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.




























