2022 წლიდან შესაძლოა ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა საქმიანობა შეაჩეროს. ეს ის იმ შემთხვევაში, თუ წარმოებები GMP -ს (კარგი საწარმოო პრაქტიკის) ევროპული სტანდარტის დანერგვას დათქმულ ვადებში ვერ შეძლებენ. როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაში ამბობენ, GMP -ს დანერგვა კომპანიებისთვის სოლიდურ ფინანსურ რესურს საჭიროებს, შესაბამისად 2022 წლიდან მოსალოდნელია, რომ მედიკამენტებზე ფასები მოიმატებს. დარგი ჯანდაცვის სამინისტროს სტანდარტის დასანერგად დროის გადავადების თხოვნით მიმართავს.
ამ ეტაპზე ფარმაცევტული ბიზნესი კონსულტაციების რეჟიმშია ჯანდაცვის სამინისტროსთან, რათა მათ GMP-ს დასანერგათ დამატებითი დრო მიეცეთ. ამ ფორმატში სექტორი უწყებასთან მხოლოდ მას შემდეგ გადავიდა, რაც ბიზნესმა და ასევე ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭობ ეს საკითხი ინვესტორთა საბჭოზე რამდენჯერმე დასვა. პრემიერის დავალებით კი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც ბიზნესის გარდა შედიან ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებიც.
ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი კაჭარავა BM.GE-თან ამბობს, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს GMP-ს სტანდარტზე გადასვლის სამოქმედო გეგმა და დოკუმენტიც, რომლითაც ქართველმა მწარმოებლებმა უნდა იხელმძღვანელონ, ქართულად არც კია ნათარგმნი. კაჭარავა ამბობს, რომ ბიზნესი მზად არის სტანდარტების დასანერგათ, თუმცა კერძო სექტორს სჭირდება დამატებითი დრო და სამინისტროსთან შეთანხმებული გაიდლაინები, რათა მათი გაწეული ხარჯი ბოლოს წყალში გადაყრილი არ აღმოჩნდეს.
კერძო სექტორიდან წამოსულ მოთხოვნებს და კრიტიკას ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წამლის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა, ნანა შაშიაშვილმა უპასუხა.
"მე ვიცი ეს სამოქმედო გეგმა, რასაც გვთავაზობენ. ეს არის მაგალითად, რომელ თვეში რომელმა წარმოებამ რა ნაბიჯი უნდა გადადგას. ეს აბსოლუტურად ალოგიკურად მეჩვენება სამინისტროს პოზიციიდან გამომდინარე, ვინაიდან მეწარმე თავად არის ვალდებული და თავად შეუძლია დაგეგმოს რომელ თვეში, რომელ საფეხურზე რა ნაბიჯი უნდა გადადგას. ეს დამოკიდებულია მის ბიზნესსაქმიანობაზე, ფინანსებზე, ექსპერტებზე, რომლებსაც ის შეუთანხმდება და ისინი დაეხმარებიან ამ პროცესების აწყობაში. ამიტომაც მათ აქვთ სრული თავისუფლება ამ სამუშაო გეგმის ფარგლებში, ოღონდ პირობაა დადგენილი მთავრობის მიერ, რომ სტანდარტის საყოველთაო ამოქმედება უნდა განხორციელდეს 2022 წლიდან.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტროს მხრიდან ჩატარდა უფრო მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიება, ვიდრე ეს იყო ელემენტარული სამოქმედო გეგმა. ჩვენ სამინისტროს წარმომადგენლები ვიყავით აბსოლუტურად ყველა საწარმოში და მათთან ერთად, მათ უფლებამოსილ პირებთან გავიარეთ თითოეული ასპექტი ამ სახელმძღვანელოსი, რომლის ამოქმედებაც სავალდებულო ხდება 2022 წლიდან. ანუ ზოგადი კი არა ეს იყო დეტალური აღწერილობა, დეტალური შეფასება სისტემისა, თითოეული საწარმო, რომელ ნაწილში ახლოს დგას სტანდარტთან, რომელი ნაწილით არის დაშორებული და რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს მიუახლოვდეს GMP სტანდარტს.
აქ არის მთელი რიგი მარეგლამენტირებელი დოკუმენტები, რომლებსაც მწარმოებლები უნდა გაეცნონ უცხოურ ენაზე, ვინაიდან ეს არის საერთაშორისო სტანდარტი, მათ მოუწევთ ურთიერთობა საერთაშორისო ექსპერტებთან, მათ მოუწევთ საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილება, ამიტომ ნაწილი დოკუმენტებისა, ძირითადი დოკუმენტები რა თქმა უნდა, შეთავაზებულია და მომზადებულია და გამოცემულია ქართულ ენაზე, მაგრამ ნაწილი დოკუმენტების წაკითხვა მათ მოუწევთ აუცილებლად ინგლისურენოვან დედანში“-აცხადებს შაშიაშვილი.
შაშიაშვილის თქმით, ფარმაცევტული საწარმოების ნაწილი სტანდარტზე გადასვლის დროის გაჭიანურებას ცდილობს.
„ნაწილი მწარმოებლების მხრიდან რეალურად არაფერი იქნა გაკეთებული ამ სტანდარტთან მიმართებაში და ერთადერთი მიმართულება არის ის, რომ როგორღაც სტანდარტი კიდევ ერთხელ გადავადდეს. ნაწილი მწარმოებლების მხრიდან სერიოზული ნაბიჯებია გადადგმული და ეს დავინახეთ. არის მწარმოებლები, რომლებმაც მიიღეს საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით GMP სტანდარტი და ფლობენ სერტიფიკატს.
ნაწილი მწარმოებლები მზად არიან იმისათვის, რომ მიიღონ ქართული მარეგულირებლების მიერ გაცემული სტანდარტის შესაბამისი დოკუმენტი. რეალურად, როდესაც ჩვენ შეფასების ფარგლებში ვმუშაობდით მწარმოებლების მხრიდან, ბევრი იქვე აფიქსირებდა, რომ მათი პოზიცია არ იყო სტანდარტზე გადასვლა და ისინი იმუშავებდნენ იქამდე სანამ ეს კანონმდებლობა მისცემდა საშუალებას, რომ დღევანდელი რეგულაციების ფარგლებში ემოქმედათ.
ნაწილ კომპანიებს მოუწევთ გამსხვილება ალბათ, ვინაიდან თავისი საქმიანობიდან და შეთავაზებული პროდუქტებიდან გამომდინარე, შესაძლებელია მათთვის ცალკე აღებული რთული იყოს ამ სტანდარტის დაკმაყოფილება“-განმარტავს შაშიაშვილი.
ჯერ კიდევ ღიად რჩება საკითხი, მისცემს თუ არა ჯანდაცვის სამინისტრო ფარმაცევტულ საწრამოებს GMP- ს სტანდარტზე გადასასვლელად საჭირო დროს. შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გვპასუხობს:
„როგორც კი გვექნება გარკვეული საბოლოო გადაწყვეტილება, ჩაგაყენებთ საქმის კურსში და გეცნობებათ ამის შესახებ. ამ ეტაპზე ეს საკითხი განხილვის პროცესშია“.