მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩნდება ეჭვი, რომ დეფიციტის შექმნის შემთხვევაში პასუხისმგებლობის აცილება სურთ - ფარმაცევტული სექტორი მინისტრს პასუხობს

63c55c22af96e
ვიქტორია მღებრიშვილი
16.01.23 18:26
578
ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია ჯანდაცვის მინისტრს განცხადებით პასუხობს. გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების შედეგის განსაზღვრა ამ ეტაპზე რთულია, ხოლო ხელოვნური დეფიციტის და მიზანმიმართული საბოტაჟის შექმნის ბრალდების „სავარაუდო“ დაშვება ასოციაციის წევრი კომპანიებისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

საქმე ის არის, რომ დღეს ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან მედიკამენტების რეფერენტული ფასების დაწესების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ რეფორმის შედეგად მედიკამენტზე ხელოვნური დეფიციტი ვერ შეიქმნება და ბიზნესის მხრიდან ამის მცდელობის შემთხვევაში, სამინისტროს შესაბამისი რეაგირება ექნება.

BM.GE ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციას სურს გამოეხმაუროს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 16 იანვრის განცხადებას მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის მოდელის შემოღებასთან დაკავშირებით, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან „სავარაუდო“ ხელოვნური დეფიციტის და მიზანმიმართული საბოტაჟის შექმნის მცდელობასთან დაკავშირებით.

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია და მასში გაერთიანებული წევრები სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ შეუძლებელია ამ ეტაპზე განისაზღვროს თუ რა შედეგი მოჰყვება რეფორმას, განსაკუთრებით პირველ ეტაპზე. ამ დროს ხელოვნური დეფიციტის და მიზანმიმართული საბოტაჟის შექმნის ბრალდების „სავარაუდო“ დაშვება კატეგორიულად მიუღებელია და ბიზნესის მიმართ მოსახლეობაში არაკეთილგანწყობილ დამოკიდებულებას ქმნის. მითუმეტეს, როდესაც დღეს არ არის ამის არანაირი საფუძველი და მტკიცებულება.

ბატონი მინისტრის ამ განცხადებით ეჭვი ჩნდება, რომ რეფორმასთან დაკავშირებული „სავარაუდო“ პრობლემის შექმნის შემთხვევაში, სამინისტროს სურს სრული პასუხისმგებლობა ბიზნესოპერატორებს დააკისროს და თავიდან აიცილოს დეფიციტის შექმნის „სავარაუდო“ გარემოებაზე პასუხისმგებლობა. რეფერენტულ ფასწარმოქმნასთან დაკავშირებული მსოფლიო გამოცდილება ადასტურებს, რომ ამ სახის რეფორმის ყველაზე უფრო დიდი და გავრცელებული რისკი, სწორედაც დეფიციტის შექმნის საშიშროებაა, რაც გამოწვეულია კალკულაციის არასწორი მეთოდოლოგიით. აქედან გამომდინარე, „სავარაუდო“ დეფიციტის შექმნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა სრულიად იმ ორგანოზეა, ვინც განსაზღვრავს ფასს და მის გამოთვლასთან დაკავშირებულ მეთოდოლოგიას.

ასოციაციის წევრებისათვის მიუღებელია და ემიჯნებიან ბიზნესის არაეთიკურ წარმოებას, მითუმეტეს პაციენტების ხარჯზე. ფარმაცევტული კომპანიების უმრავლესობა ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა მათ მიერ გაწეული მომსახურება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და მომხმარებლებს მიეწოდოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი ფარმაცევტული პროდუქტი.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ფარმაცევტული ბაზრის ოპერატორებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ბრალდებები „სავარაუდო“, “თეორიულ“ დარღვევებზე და წინასწარ დაანონსებულ საბოტაჟურ მოქმედებებზე, რაც ამ დარგის წარმომადგენლების მიმართ ბოლო პერიოდში ვრცელდება. ამასთან, გაუგებარია თუ რას ემსახურება ამ სახის განცხადებები. ჩვენი ასოციაციის წევრები სრულიად ემიჯნებიან მსგავს უკანონო ქმედებებს და საქართველოს კანონის დაცვით, აგრძელებენ ქვეყნის მოსახლეობის მაღალი ხარისხის მედიკამენტებით უზრუნველყოფას და კვალიფიციური მომსახურეობის გაწევას“, - ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები