5 ივლისს, თბილისში, კ. ხეთაგუროვის ქუჩაზე პოლონეთის მოქალაქე, უცხოელი ტურისტი დანით დაჭრეს. თვითმხილველების ინფორმაციით, არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა ტურისტს დანით 4 ჭრილობა მხოლოდ იმიტომ მიაყენა, რომ მას საყურე ეკეთა. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1989 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ტურისტის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ტურისტი მოთავსებულიყო უსაფრთხო გარემოში. ჯანდაცვის სამინისტრო, მთელი თავისი გუნდით ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე. მას ამ ეტაპისთვის არანაირი საფრთხე არ ემუქრება და დარწმუნებული ვარ, გამოჯანმრთელების შემდეგ შესაბამის განცხადებას გააკეთებს“, - განაცხადა მინისტრმა.




























