ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ხელმძღვანელის, გაო ფუს თქმით, ჩინური კორონავირუსის ვაქცინის ეფექტიანობა „მაღალი“ არ არის, ამიტომ მისი გაზრდის მიზნით ქვეყანა ვაქცინების შერევის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ხელმძღვანელის განმარტებით, ჩინეთი ვაქცინის ეფექტიანობის გასაზრდელად შემდეგ ნაბიჯებს განიხილავს - დოზების რაოდენობის შეცვლა და სხვადასხვა ვაქცინის ტექნოლოგიების შერევა.
როგორც გაო ფუმ აღნიშნა, მისი განცხადება, თითქოს ადგილობრივ ვაქცინებს „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ დაბალი ეფექტიანობა აქვს, არასწორად იქნა განმარტებული.
„მსოფლიოში ყველა ვაქცინის დაცვის მაჩვენებლები ზოგჯერ მაღალია და ზოგჯერ დაბალი. როგორ გავაუმჯობესოთ მათი ეფექტიანობა – ეს არის საკითხი, რომელიც უნდა განიხილონ მსოფლიოს მეცნიერებმა“, – განაცხადა ჩინეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელმა.