ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ შარშან ჯანდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო გრანტები გადაჭარბებით შესრულდა. ასე უპასუხა მან "ქართული ოცნების" პარლამენტის წევრის ზაზა ლომინაძის კითხვას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებული გრანტების შესრულებით დაინტერესდა.
"გრანტის სამი კატეგორია გვაქვს, შიდა (სსიპ-ებიდან მიღებული) გრანტები, რაც დაგეგმილი იყო იმაზე მეტი შემოვიდა. მეორე ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტებია, ხოლო მესამეა მიზნობრივი გრანტი, რომელიც კონკრეტული მიზნობრიობით მიეცემა უწყებებს. ჯანდაცვის ნაწილში რაც დაგეგმილი იყო იმაზე მეტი შემოვიდა, ანუ როცა ვამბობთ, რომ რომელიმე უწყების ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა, ეს სწორედ გრანტების ხარჯზეა", - განაცხადა კაკაურიძემ.
კულტურის, სპორტის და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების და აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილ „2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ ანგარიშებს განიხილავენ.